
14 წლის ხატია უჩავა, მარტვილელი მოსწავლე, რომელსაც 13 ნოემბერს მანქანა დაეჯახა, ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე საშუალო სიმძიმისაა.
ავტომანქანას, რომელიც ხატია უჩავას დაეჯახა და რის შემდეგაც, თავდაპირველად, მოზარდი მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზაზა ძიძიგური მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოზარდი მარტვილის საავადმყოფოში ტაქსით მიიყვანეს. როგორც მოვლენების თვითმხილველი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში ამბობს, ზაზა ძიძიგური მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის განყოფილების უფროსის კახა ძიძიგურის ძმაა.
ის სწორედ იმით ხსნის ფაქტს, რომ საავადმყოფოში გოგონას მიყვანისთანავე კლინიკაში პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებიც მედპერსონალს სთხოვდნენ, დაზარალებული სარეგისტრაციო ჟურნალში გაეტარებინათ არა როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, არამედ დაზიანების მიზეზად კიბეზე დაგორება ყოფილიყო აღნიშნული:
„ისინი ამას კატეგორიული ტონით ითხოვდნენ, მაგრამ არც მედპერსონალი წავიდა ამაზე და რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც საავადმყოფოში ბავშვი ტაქსით მიიყვანეს იმის ნაცვლად, რომ თავად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლს მიეყვანა, ხმა აიმაღლეს. როცა ეს არ გაუვიდათ, საავადმყოფოს ეზოში დარჩნენ და მობილურებით რეკვა დაიწყეს“, - ამბობს თვითმხილველი.
ხატია უჩავამ მარჯვენა ფეხის მძიმე მოტეხილობა მიიღო, მაშინვე განუვითარდა ემბოლი, რის შემდეგაც მთავარმა ექიმმა გიორგი ხორავამ რეანომობილის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაზიანებულ მოზარდს პირველი აუცილებელი დახმარება მარტვილშივე აღმოუჩინეს:
„რეანომობილის გამოძახების გადაწყვეტილებაზე რომ გაიგეს, პოლიციელებმა ისევ აგრესიულად დაიწყეს საუბარი და მედპერსონალს დაემუქრნენ, რომ ამ ყველაფერს ანანებდნენ, ამის შემდეგ კი საავადმყოფოს ტერიტორია დატოვეს“, - ამბობს თვითმხილველი.
"აფხაზეთის ხმა" მარტვილის საავადმყოფოს მთავარ ექიმს გიორგი ხორავას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ 13 ნოემბერს ხატია უჩავა მართლაც შემოიყვანეს მარტვილის საავადმყოფოში:
„დიახ, ეს პაციენტი ნამდვილად შემოვიდა. ვერ გეტყვით, იყო თუ არა რაიმე ზეწოლა მედპერსონალზე პოლიციის მხრიდან, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მე დღეს ვესაუბრე ქუთაისს, რადგან ბავშვი იმ დღესვე გადაიყვანეს და, როგორც მითხრეს, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, სისხლჩაქცევები განუვითარდა, საკმაოდ მძიმედ იყო და ახლა იქ ქირურგიული ჩარევისთვის ემზადებიან.
რეანომობილი ჩვენ გამოვიძახეთ და ჟურნალშიც გატარებულია, როგორც ავარიის შედეგად დაზიანებული. შეტყობინებაც გაკეთდა 112-ში, ეს ჩემს მოსვლამდე მოხდა. ვინ აპირებდა ამისთვის ხელის შეშლას ან რა გზებით, არ ვიცი, ასეთი არაფერი უთქვამთ ჩემთვის“, - ამბობს გიორგი ხორავა.
შსს-ში რადიო „აფხაზეთის ხმას“ დაუდასტურეს, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. პრესსამსახურის თანამშრომელმა ეკა ბრეკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება, აღიძრა საქმე ტრანსპორტით გადაადგილებისას მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.
მისივე თქმით, საავადმყოფოში პოლიციელების მხრიდან მედპერსონალზე ზეწოლის ფაქტი „მცდარი ინფორმაციაა, რადგან ფაქტია, რომ საქმე აღძრულია ავარიის გამო“.
„აფხაზეთის ხმის“ კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ეკა ბრეკაშვილმა უპასუხა: „ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და შემდეგ გამოიკვეთება“.