
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის მუდამ გაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის რჩევებს.
სუბარი აცხადებს, რომ ის სატელეფონო ზარებს მუდამ ყურადღებით ეკიდება:
„ახლა გაჩვენებთ ზარებს ჩემს ტელეფონზე. რამდენიმე ზარია შემოსული ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან. ბოლო ზარი გელა ნიკოლაიშვილისგან შემოვიდა, იმის წინა კი - ნანა კაკაბაძისგან. თუ ნანა კაკაბაძეს შეუძლია, დამირეკოს და რაღაც რჩევა მომცეს, რატომ უნდა აეკრძალოს ეს ბიძინა ივანიშვილს?!", - თქვა სუბარმა.
სოზარ სუბარი ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრების საქმიანობაში ზედმეტად არასდროს ჩარეულა: "ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი - მინისტრები, მისი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, რომ სამინისტროს საქმიანობაში ზედმეტად ჩარეულიყო, მოადგილეების შერჩევა იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა საკადრო გადაწყვეტილება, ან ნებისმიერი რეფორმის გატარება, ის ჩვენ აზრს ისმენდა და გვქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა.
ის მინისტრების საქმიანობაში ზედმეტად არ ერეოდა. ზოგჯერ შეიძლება, გვაკლდა კიდეც, რატომ მეტად არ იყო ჩართული. როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც ასე იქცეოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ახლა წავა და სადმე ჩრდილიდან თავის ქცევას შეიცვლის? ეს ამ ადამიანის ბუნებასა და სტილში არ არის და არ გააკეთებს.
ობიექტურობა-არაობიექტურობა დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს აქვს თუ არა ობიექტური შეფასების უნარი და ამ ადამიანმა თავისი ცხოვრებით და ამ ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი შეფასებები რეალობას ერთი ერთზე ასახავს და დაპირებები ყოველთვის შესრულებადია და სრულდება", - განაცხადა სუბარმა.