
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სარეკლამო მონიტორზე, რომელიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე მდებარეობს, უცნაური რეკლამა გაჩნდა.
განახლებულია: 21.11.2013; 13:20
რეკლამის სახით მონიტორზე ჩნდება მხოლოდ წარწერა: „მეც მჯერა შენი!“, რომელიც პერიოდულად ახლდება და თან ახლავს წითელ ფერში გადაწყვეტილი გრაფიკა, რომელიც გულის ასოციაციას იწვევს.
იმის გამო, რომ წარწერის შინაარსი არ ემთხვევა არცერთი ცნობილი თუ უცნობი ბრენდის სლოგანს, ხოლო მონიტორი ვაჟა-ფშაველას 47-ში მდებარე კორპუსის სახურავზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, წარწერის განხილვისას, გაჩნდა მოსაზრება, რომ სარეკლამო წარწერა არ ემსახურება რომელიმე პროდუქციის ან ფირმიოს რეკლამირებას, პოლიტიკური შინაარსისაა და მიხეილ სააკაშვილთან, კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე ცოტა ხნის წინ აღმართულ დროშასთანაა კავშირში, რომელზეც ოთხი გული იყო გამოსახული.
რეკლამის განთავსების მსურველთათვის სარეკლამო მონიტორზე მითითებულია ფირმის დასახელება და ტელეფონის ნომერი - "ლინკ მედია". კომპანიასთან დაკავშირებისას „აფხაზეთის ხმას“ განუცხადეს, რომ წარწერა სარეკლამო მონიტორზე არაა პოლიტიკური შინაარსის და ის "კოკა-კოლას" რეკლამაა. "აფხაზეთის ხმის" შეკითხვაზე, რატომ არაა მითითებული რეკლამაში ბრენდის ლოგოტიპი ან დასახელება ქართულ ან ინგლისურ ენებზე, კომპანიის წარმომადგენელმა გვიპასუხა: "იქ ბუშტები ჩანს".