
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდაში არსებული ზღვარი უსამართლოა და უნდა გამარტივდეს.
ამის შესახებ მიმინოშვილმა დღეს განაცხადა:
"ზოგადი უნარების გამოცდაში პრობლემა იჩენს თავს, ვინაიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის გარტყმის ალბათობის მიჯნაზე. აქედან გამომდინარე, გარკვეულ უსამართლობებს ვეჯახებით. სწორედ ამ უსამართლობის აღმოფხვრა გვინდა. ამჟამად ზღვარი 25% -ია. როცა 4 პასუხია არჩევით, გარტყმის ალბათობაც 25% -ია. ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს სამართლიანობის კუთხით. ვინც ახლოს არის ამ ზღვართან, უსამართლობას აწყდებიან. მაგალითად, წინა წლის სტატისტიკით, საგამოცდო ტესტის მე-3 ვარიანტი ყველაზე რთული იყო. ამ ვარიანტში 10% ჩაიჭრა (მე-4 ვარიანტში -6%). იძულებული ვართ, იმის გამო, რომ გარტყმის ალბათობის ზღვარზეა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ნედლ ქულაზე გადავჭრათ და შემდეგ უკვე სკალირების პროცედურას ვიწყებთ. ვისაც მე-3 ვარიანტი შეხვდა და მიიღო 20 ქულა, ჩაჭრილად ითვლება და იძულებული ვართ, კონკურსის გარეთ დავტოვოთ. ჩვენი შეთავაზებით, კონკურსში მონაწილეობას ისინიც გააგრძელებენ, ვისაც რთული ვარიანტი შეხვდა," - აცხადებს მაია მიმინოშვილი.