
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ქვევრში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის - ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე ჩიხში შევიდა:
„წინა ხელისუფლებას უნდა ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ეს საქმე უნდა გახსნილიყო ცხელ კვალზე, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
ამავე დროს, იყო ნაჩქარევი განცხადება ჩემი მხრიდან, რომ გამოძიება გარკვეულ ვადაში დასრულდებოდა, მაგრამ ზემოთჩამოთვლილი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში შევიდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინაღამეს, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, ბებიის სახლში, სოფელ კოლაგში, წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
„ქართული ოცნების“ ცნობილმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, მათ შორის თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც (სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“) ბავშვის გატაცებასა და სიკვდილში დამნაშავეებად პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელეს.