
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ტრიბუნასთან ნეპოტიზმის ამსახველი გრაფიკები დაახვედრეს.
ცხრილები იმის შესახებ, თუ რომელ სახელმწიფო სტრუქტურაში მთავრობის რომელი წევრის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან დასაქმებული, ტრიბუნიდან მარცხნივ და მარჯვნივ, სიგრძეზე იყო განლაგებული, თუმცა, პირდაპირი ტრანსლაციის დროს, „მეორე არხის“ ეთერში ცხრილიანი საბჯენები რეჟისორებს ეთერში არ გამოუჩენიათ.
პარლამენტის დარბაზის საშუალო ხედის ფოტო, სადაც ცხრილები კარგად ჩანს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ გადაიღო, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და აღწერა დაურთო:
„ბატონი ირაკლი ცენტრში. პრემიერ-მინისტრის კანდიდატის მარცხნივ წარმოდგენილია სხვადასხვა უწყებებში ახლადდანიშნულ-დაწინაურებული ღარიბაშვილის მეგობრები და ნათესავები, მარჯვნივ - ბოლო 12 თვეში საქართველოს უკანწასული ეკონომიკა. ტონი და საქციელი სამარცხვინო... მართლაც გული მწყდება, რა ელის ამ ქვეყანას ასეთ სიტუაციაში...“