
"როცა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები იგებენ, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მიღებაზე უარს მეუბნებიან, ასე იყო საჯარო ბაღშიც და კერძოშიც,“– ,,აფხაზეთის ხმას“ შშმ ბავშვის დედა მირანდა კვანტალიანი დაუკავშირდა.
როგორც დედამ გვიამბო, მისი ვაჟიშვილი 6 წლისაა, მას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, თუმცა არც ეტლით მოძრაობს, არასამედიცინო ენაზე, კიდურების განვითარების ჩამორჩენა აქვს.
ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი არ არის და სპეციალიზებულ ბაღში მიყვანის რეკომენდაცია დედას არ მისცეს. პირიქით, მას მისცეს სამედიცინო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი იყო მისი მიყვანა არასპეციალიზებულ ბაღში.
როგორც მირანდა კვანტალიანმა გვიამბო, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ძებნა ისეთი ბაღების, სადაც მის შვილს მიიღებდნენ.
„ჯერ საჯარო ბაღში მივიყვანე ვარკეთილში. იქ წარვადგინე ცნობა, რომ ბავშვი არ არის ჩამორჩენილი გონებრივად, ის ვითარდება ასაკის შესაბამისად, თუმცა პრობლემა აქვს გადაადგილებისას. ეს იყო რეკომენდაცია, რომლის მიტანის შემდეგ ჩემი შვილი საჯარო ბაღში მიიღეს.
თუმცა ამის შემდეგ იძულებული გავხდი, შვილი გამომეყვანა ბაღიდან, რადგან მათ დაიწყეს ახალი დოკუმენტების მოთხოვნა და სხვადასხვა პირობებს მიყენებდნენ. მივხვდი, რომ ყველანაირად მზღუდავდნენ და იძულებულს მხდიდნენ ბავშვი წამეყვანა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მომეძებნა კერძო ბაღი, გადამეხადა თანხა და მიმეყვანა იქ .“– განგვიცხადა კვანტალიანმა.
ის ფიქრობს, რომ საჯარო ბაღში მისი შვილის მოვლის გარდა, სხვა პრობლემაც იყო. ის ართულებდა საქმეს, რომ დედა მთელი დღის მანძილზე ბაღში იმყოფებოდა და დროდადრო ზედამხედველობდა აღმზრდელებსა და ძიძებს.
კვანტალიანი ეჭვობს, რომ ბაღის პედაგოგებს და ხელმძღვანელობას დამატებით პრობლემას ეს ფაქტიც უქმნიდა.
,,უკვე წელს, მე დავრეკე ვარკეთილში მდებარე ორ კერძო ბაღში, ,,ენკი–ბენკისა“ და ,,ჭიამაში“. ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ ჩემს შვილს მიიღებდნენ 5–6 წლის აღსაზრდელთა ჯგუფში.
პირველად ,,ჭიამაიაში“ მივედით. როცა გაიგეს, რომ ჩემს შვილს შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, უარი გვითხრეს მიღებაზე. მიზეზად ის დამისახელეს, რომ საკმარისი კადრი არ ჰყავდათ, რომ ასეთი ბავშვისთვის მიეხედათ.
ასევე მოხდა ,,ენკი–ბენკიში“. ყველა ნაბიჯზე ვხედავ ,რომ მიუხედავად იმისა, ჩემი შვილი ნორმალურად არის განვითარებული გონებრივად, მისი გადაადგილების პრობლემის გამო ყველგან მიუღებელია,“– აცხადებს კვანტალიანი,
,,აფხაზეთის ხმა“ საბავშვო ბაღ ,,ჭიამაიას“ დირექტორს დაუკავშირდა. მაია ბურდულის განცხადებით, მათ ნამდვილად მიიღეს ბავშვი ბაღში , თუმცა, როცა გაიგეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის იყო უარი განაცხადეს პასუხისმგებლობის აღებაზე.
,,ეს არის მოზრდილთა ჯგუფი, მე იმიტომ არ მითქვამს უარი, რომ ის უნარშეზღუდული იყო. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძიძა გვყავს.
რადგან ჯგუფში მოზრდილი ბავშვები სწავლობენ მეტი ძიძის საჭიროებას ვერ ვხედავდით, ამიტომ ამ ჯგუფის ერთადერთი ძიძა მხოლოდ ერთი აღსაზრდელის მოვლაზე ვერ გადაერთვება, მან ყველა ბავშვს სათანადო და თანაბარი ყურადღება უნდა მიაქციოს“– განგვიცხადა მან.
კვანტალიანის თქმით, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ბავშვმა არასპეციალიზებულ ბაღში იაროს, რადგან, როგორც მას სპეციალისტებმა უთხრეს, სპეციალიზებული ბაღი ბავშვის გონებრივ განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.