როგორც ადგილობრივები ქობულეთში ამბობენ, წელს ზღვამ, მინიმუმ, ერთი მეტრით გადმოიწია და სანაპირო ზოლი შეამცირა. ამის დამადასტურებელი არანაირი აზომვა-შედარებები ქობულეთელებს არა აქვთ, მაგრამ მათი თქმით, ეს ფაქტი შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს, თუმცა, ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია. ნაპირის გამაგრება აუცილებელი პირობაა, რათა ზღვამ ხმელეთის ნაწილი არ მიიტაცოს. ამ შემთხვევაში აპრობირებული მეთოდი გახლავთ ზღვის სანაპიროს გამაგრება ხელოვნური კვების მეთოდით, ანუ, ზღვაში ინერტული მასალების ჩაყრა, რაც არ მომხდარა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზუსტებით ვერც იმას აცხადებს, როდის მოხდება ინერტული მასალების ჩაყრა ზღვაში, ამასობაში კი სანაპირო ზოლი კიდევ უფრო მცირდება, რაც წელს დამსვენებელთა კომფორტზე აისახა კიდეც.
ასე მაგალითად, იმის გამო, რომ ქობულეთში წლევანდელ ზაფხულზე და, განსაკუთრებით, აგვისტოში, უამრავი დამსვენებელია, კარგ ამინდებში დილის საათებიდანვე დაკავებულია სანაპირო ზოლის სამი რიგი. ზოგან მეორე რიგში უკვე გასაქირავებელი შეზლონგებია ჩადგმული და კლიენტის მოლოდინში გამქირავებლები დამსვნებელებს მათი გადაადგილების, "ჩაჩოჩებისა" და ზოგადად, ხელის ხლების საშუალებას არ აძლევენ. დამსვენებელთა უკმაყიფოლო შენიშვნებზე ისინი პასუხობენ, რომ ეს ადგილი მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.
ანალოგიურ პასუხს აძლევენ დამსვენებლებს ე.წ. კატერის პარაშუტისტები. პარაშუტით ზღვაზე ერთი წრე 50 ლარი ღირს და გამქირავებლები კლიენტთა ნაკლებობას არ უჩივიან, ამასთან, შეიძლება ითქვას, თავხედურადაც კი იქცევიან. "აფხაზეთის ხმა" თავად გახდა მოწმე, როგორ აიძულეს დაახლოებით ასი დამსვენებელი, პატარა ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით, გადასულიყვნენ იმ ზოლიდან, რომელიც "პარაშუტისტებმა" ზღვაზეც და ხმელეთზეც მოინიშნეს.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს მოხდა დაახლოებით 11:00-ზე, ანუ, "პარაშუტისტებს" არც იმაზე უზრუნიათ, დამსვენებელთა სიმცირის საათებში მისულიყვნენ და ტერიტორია მოეზომათ. ტერიტორიის მოზომვაში ზღვის წყალში ე. წ. ბიუოკებით დაახლოებით 50 მეტრის სიგანისა და 15 მეტრი სიგრძის მონაკვეთის მონიშვნა იგულისხმება - პარაშუტის გამქირავებლები ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ ტერიტორიისთვის უხდიან ფულს ადგილობრივ ხელისუფლებას.
როცა "აფხაზეთის ხმა" დაინტერესდა, რა პრინციპითაა მონიშნული ზღვის მონაკვეთი, ანუ, რა კოორდინატებია მითითებული ხელშეკრულებაში, "პარაშუტისტებმა" უპასუხეს, რომ იქ წერია "თამარ მეფის (ნომერი) მიმდებარე ტერიტორია", თუმცა, თავად ხელშეკრულება არ წარმოუდგენიათ. კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც "აფხაზეთის ხმას" გედეონად წარუდგა, განაცხადა, რომ მისი ხელშეკრულების ვადა 2017 წელს იწურება, მანამდე კი აქ მანძილის მოზომვას ვერავინ დაუშლის:
"გინდა საპატრულო გამოიძახონ და გინდა სანაპირო დაცვა, არ მაინტერესებს - მე ამაში ფული მაქვს გადახდილი, რაც შეეხება ტერიტორიას, მონიშნული მაქვს ლენტებით, მაგრამ აგერ გდია მოგლეჯილი, მე დარაჯად ხომ ვერ დავუდგები?", - თქვა მან, თუმცა მოგვიანებით, როცა ნაპირთან სანაპირო დაცვის კატერი გამოჩნდა, მას მესაზღვრეებმა უბრძანეს, "ბუიოკებით" მონიშნული მანძილი შეემცირებინა, რადგან ძალიან დიდ ტერიტორიას იკავებდა, რასაც გედეონად წოდებული ბიზნესმენი მაშინვე დაემორჩილა.
როგორც "აფხაზეთის ხმამ" ქობულეთში გაარკვია, პარაშუტის გამქირავებელი ორგანიზაცია, კომპანია თუ შპს სანაპირო ზოლზე სულ ექვსია. დარიან დღეებში პარაშუტები ქობულეთის ზღვის თავზე დილიდან საღამომდე დაფრინავენ და ეშვებიან. თუ თითოეული გამქირავებელი პუნქტისთვის 50 მეტრი მანძილია მოსანიშნად ნებადართული, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში ქობულეთის საზღვაო და, ნაწილობრივ, სახმელეთო, სანაპირო მონაკვეთზე 300 მეტრი პრიორიტეტულად, პარაშუტის ბიზნესით დაკავებულთათვის არსებობს.
"პარაშუტისტებზე" უფრო დიდი მადა აქვთ კერძო პირებს, რომლებსაც სანაპიროსთან აშენებული ვილები და სასტუმროები ეკუთვნით. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ არ დაიზარებთ და შედარებით გრილ ამინდში ქობულეთის სანაპიროს მთელ სიგრძეზე ჩამოივლით, სადაც უკვე კერძო პლაჟებიც კი გაჩნდა. რკინის მესერით შემოღობილ ადგილებში დაცვის ნებართვის გარეშე ჩიტიც კი ვერ გაჭაჭანდება და გადაადგილების ეს შეზღუდვა არა შიდა ეზოზე, არამედ სანაპირო ზოლზეც ვრცელდება. რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ეს დაცული სანაპირო ტერიტორიაა და ამისთვის ბიუჯეტში თანხას იხდიან. წელს, აგვისტოში გადაღებული ასეთი ადგილების ფოტოები "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, ამგვარი, დაცული სანაპირო ზოლია ე.წ. ჭყონიას სასტუმროში, "ჯორჯიან პალასთან", ხოლო კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის კერძო ვილის მიმდებარედ, შემოღობილ მესერზე ამ დრომდე არის წარწერა „ყურადღება!!! კერძო საკუთრებაა, არ შემოხვიდეთ!“, რომლის გადაღების უფლებას "ბათუმელების" ჟურნალისტს თავდაპირველად არ მისცეს სწორედ იმ მოტივით, რომ ის კერძო საკუთრება იყო...
სხვა თემაა და არანაკლებ საინტერესოა სანაპირო ზოლის დაბინძურების თემა. რასაკვირველია, აქ ძნელია, მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულო, რადგან დამსვენებლები, მაინცდამაინც არ იწუხებენ თავს სისუფთავის დაცვით, მაგრამ ქობულეთელები ამბობენ, რომ ადრე სანაპირო ზოლი უფრო ხშირად იწმინდებოდა ნაგვისგან, ვიდრე ახლა.
მოამზადა ანრი არონიამ;
მასალაში გამოყენებულია "ბათუმელების" სტატიის მონაცემები და ფოტოები.