-
2015-01-13 08:51
"ბიძინას ბანქო" თბილისში უკვე საცალო გაყიდვის წერტილში გამოჩნდა. როგორც "ფეისბუქზე" რეგისტრირებული გვერდიდან ხდება ცნობილი, ის კოსტავას 10-ში მდებარე თამბაქოსა და სუვენირების მაღაზიაში იყიდება. მაღაზია მეტროსადგურ რუსთაველსა და ფილარმონიას შორის, თაღში განთავსებულ სავაჭრო დაწესებულებებს შორის მდებარეობს.
ბანქოს ერთი დასტის საცალო შესყიდვის ფასი 10 ლარია. "ბიძინას ბანქო" 52 ბანქოს ქაღალდითა და პლუს ორი ჯოკრით 300 მიკრონიან პლასტიკატზეა დამზადებული და თითოეულ ნომინალზე დატანილია "ქართული ოცნების" წევრებისა და მათთან დაკავშირებული, პოლიტიკურად აქტიური პირების ფოტოშარჟები. დასტაში შეხვდებით მარგველაშვილის, ღარიბაშვილის, უსუფაშვილისა და ხიდაშელის, ალასანიას, კალაძის, ფარცხალაძის, "რემენას", თამაზაშვილის, ჯანყარაშვილისა და სხვათა ფოტოშარჟებს. პროდუქცია დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს და როგორც მაღაზიაში გვითხრეს, კარგადაც იყიდება.
"ბიძინას ბანქოს" თბილისში შემოტანა წინასაახალწლოდ დაანონსდა, მაგრამ როგორც "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში კრეატივ-ჯგუფის წევრებმა თქვეს, "თურქიშ აირლაინის" მიზეზით, თავის დროზე ვერ ჩამოვიდა. ბანქოს სუვენირის დანიშნულება აქვს, თუმცა დასტით ნებისმიერი, ბანქოსთან დაკავშირებული აზარტული თუ გასართობი თამაშიცაა შესაძლებელი.
როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, კოსტავას 10-ში მდებარე მაღაზია ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც საცალო გაყიდვას დათანხმდა. მანამდე ჯგუფმა რამდენიმე ასეული დასტა ბითუმად გაყიდა, ხოლო ცალობით ორი დღის განმავლობაში თავად პროდუქციის შემომტანები ჰყიდდნენ და ამ გზით 120 ცალი დასტა გაიყიდა.
"ბიძინას ბანქოს" კრეატივ-ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი მიზანი ამ ჯერზე არ არის მოგებაზე ზრუნვა. მათი თქმით, თურქეთში ბანქოს დაბეჭდვის შემდეგ განბაჟების, ტერმინალის გადასახადის, დღგ-სა და სასაქონლო ოპერაციების ხარჯების გათვალისწინებით, ერთი დასტის ღირებულება 8 ლარამდე ავიდა, მაგრამ მათ საცალო ფასი არ გაზარდეს და 10 ლარი დააწესეს. შემსყიდველებსაც ბანქოს მხოლოდ იმ პირობით აძლევენ, რომ საცალო ფასი 10 ლარს არ უნდა ასცდეს. ჯგუფის წევრების თქმით, იყო პარტიის ბითუმად შესყიდვის რამდენიმე საეჭვო შეთავაზებაც, თუმცა ამაზე უარი განაცხადეს.
"ბიძინას ბანქო" პოლიტიკური, პერსონიზირებული დასტის გამოშვების პირველი მცდელობა არ არის. არალეგალურად მსგავსი დასტა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაც ვრცელდებოდა, თუმცა მათზე არა ფოტოკოლაჟები, არამედ კარიკატურები იყო დატანილი.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ როგორც "ბიძინას ბანქოს", ასევე "შევარდნაძის ბანქოს" ფოტოებს. აქვეა საორიენტაციო ფოტოები კოსტავა 10-ში მდებარე მაღაზიის ადგილმდებარეობის ვიზუალურად აღსაქმელად.