-
2014-06-12 12:32
ზუგდიდის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჩივის.
როგორც გუნავა აცხადებს, ის ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადებას დღეს შეიტანს და პრემიერ-მინისტრის მიერ მის მიმართ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
"დღეს შემაქვს საჩივარი როგორც საოლქო პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის შემდეგაც ზუგდიდში ძალადობრივი პროცესები დაიწყო. ჯერ გაჭირვებული ოჯახი გამოიყენეს და შემდეგ "ოცნების" აქტივისტები ჩაერთნენ აქციებში. ამის გარშემო შედგა სარჩელი. პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურად გამოიყენა ოჯახის ვითარება, წააქეზა და "ოცნების" აქტივისტები მოუსია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს. წინასაარჩევნოდ ჩვენი პარალიზება მოახდინეს. ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. პრემიერმა უაპელაციოდ დამადანაშაულა ისე, რომ არც პროკურატურას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. ამის გამოძიებას ვითხოვ და უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც საჭიროა".
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს, გამოძიებით ოფიციალური ვერსიით კი, ამ საქმეში ერთადერთი ბრალდებული კუდის ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავაა.