
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ ინტერნეტტელევიზიას ქმნის და მოლაპარაკებას რამდენიმე ჟურნალისტთან აწარმოებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ცხელა და ყველა ვისვენებთ, მე მაინც ვმუშაობ.
რატომ? იმიტომ, რომ ვაპირებ ახალი პროექტის დაწყებას, ბუნებრივია, „ნანუკას შოუს“ პარალელურად. მოკლედ, მინდა ვცადო ინტერნეტტელევიზიის გაკეთება:)
მგონია, რომ დღეს ეს სივრცე ყველაზე მეტად საინტერესოა:) ანუ ვირტუალური სამყარო, რომელიც იქნება ფერადი, საინტერესო რუბრიკებით. არ იქნება სტანდარტული. უკვე შექმნილია დიზაინი და მგონი, საინტერესო გამოვა... პოლიტიკა იქნება ცოტა, ისეთი ამბები, რაც რეიტინგს წევს.
ბევრ სახელს ჯერ ვერ გეტყვით:) ვერც რუბრიკების დეტალებს. ეს არ იქნება მაღალბიუჯეტიანი. თან ეს გამაბედინა ჩემმა ერთმა პროექტმა, რომელიც წარმატებული იყო, როგორც ბიზნესი. გახსოვთ, ალბათ, ნანუკას საბავშვო ცენტრი.
„თი-ბი-სი“ ბანკიდან ავიღე კრედიტი მაშინ იმ ბიზნესისთვის და, ალბათ, ბანკის წარმომადგენლები დამეთანხმებიან, რომ ბიზნესმა კრედიტიც აწია და დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფაც შეძლო. ამიტომ ისევ გავრისკავ კრედიტს ამ ბიზნესისთვის. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე ჟურნალისტთან, თუმცა ვეძებ ახალ სახეებს:)
ამიტომ მალე უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე და იმედი მაქვს, ერთად საინტერესო პროექტი გამოგვივა. იმედი მაქვს, მიგულშემატკივრებთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანი მოლაპარაკებებს „იმედის“ ყოფილ თანამშრომელთან, მათე კირვალიძესთან და „რუსთავი 2“-ის თანამშრომელთან, ნოდარ მელაძესთან აწარმოებს. ორივე მათგანმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ინფორმაცია უარყო.
ნოდარ მელაძე, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი:
– ზოგადად, პირად მოლაპარაკებებს არ ვახმაურებ.
– იყო შემოთავაზება ინტერნეტტელევიზიიდან?
– მე ვმუშაობ „რუსთავი 2“-ში და სექტემბერშიც ვიმუშავებ „რუსთავი 2“-ში. ამაზე მეტს არაფერს გეტყვით, ეს არის ჩემი კომენტარი.
მელაძის მსგავსად, „ინფორმაციულ ვაკუუმში“ აღმოჩნდა მათე კირვალიძეც, რომელიც დეტალებით უფრო მეტად დაინტერესდა და კითხვაც ბევრი შემოგვიბრუნა... დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას უფრო ის აინტერესებდა, რა ინფორმაცია იყო გაჟღერებული...
მათე კირვალიძე:
– პირველად მესმის ინტერნეტტელევიზიის შესაძლო შექმნის შესახებ, ქალაქშიც კი არ ვარ. სად კეთდება, ვინ აკეთებს, თუ იცით?
– ჩვენ ვიცით, რომ თქვენთან და მელაძესთან არის მოლაპარაკებები...
– არა, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, პირველად მესმის თქვენგან აღნიშნული ინფორმაცია, მილიონი საქმე მაქვს და ნამდვილად არ ვიცი დეტალები... თუ მომიყვებით დეტალებს, ნამდვილად მაინტერესებს.
შესაძლოა, უბრალოდ, დამთხვევაა, თუმცა ფაქტია, რომ კირვალიძესთან საუბარს წუთებში მოჰყვა ნანუკა ჟორჟოლიანის „პოსტი“ „facebook“-ზე.
როგორც ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ინტერნეტტელევიზია უფრო გასართობი იქნება და ნაკლებად პოლიტიკური...
„პრაიმტაიმი“