
გადაცემა „სხვა შუა დღეს“ ახალი თანაწამყვანი 32 წლის მერაბ დუკაშვილი მაყურებელს შშმ პირთა პრობლემებზე ესაუბრება.
„რეიტინგთან“ ინტერვიუში მერაბი პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
„ჰერეთიდან ვარ, ე.წ. საინგილოდან, თუმცა ეს სიტყვა არ მიყვარს, რადგან რამდენადაც ვიცი, სიტყვა საინგილო ხმლით მორჯულებულს ნიშნავს, ჩემი თავი კი ხმლით მორჯულებული არ მგონია.
ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს და დიდი ხანია არ ვყოფილვარ, იქ ჩასასვლელად საზღვარი უნდა გადავკვეთო, აზერბაიჯანის მხარესაა, კახიდან ვარ, რომელსაც რატომღაც სახელი შეუცვალეს და ახლა გახი ჰქვია.
რაც შემეხება მე, სპორტისადმი მიდრეკილება ყოველთვის მქონდა, ტანვარჯიშზე საკმაოდ პატარა ასაკში დავდიოდი, მერე შემიყვანეს ცეკვაზე. ევროპულ ცეკვებსაც ვცეკვავდი, ორთაბრძოლაზეც დავდიოდი, კერძოდ კარატეზე.
რაღაც დროის შემდეგ გული ავიცრუე და კალათბურთისკენ წავედი, ახალგაზრდულ გუნდშიც ამიყვანეს, სერიოზული წარმატებები მქონდა, ამავე დროს დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, სამეჯლისო ცეკვებზე ''შემაგდეს'', მაცდუნეს (იღიმის). თავიდან იყო მორიდება, სირცხვილი, მერე ალღო ავუღე, ერთადერთი ვალსი არ გამომდიოდა, იმიტომ, რომ პარტნიორთან ნამეტანი ახლოს მისვლა მერიდებოდა.
ნელ-ნელა ამასაც ვეჩვეოდი, მაგრამ თავი იჩინა ტკივილებმა ზურგის არეში, ხერხემალი კი არ მტკიოდა, გულთან მქონდა ჭვალი, რომელიც ზურგზე გადადიოდა. აღმოჩნდა, რომ მქონდა სიმსივნე, ვითიშებოდი ხოლმე. ერთხელ მახსოვს, ვალსს რომ ვცეკვავდი, კარგად გამომივიდა ყველაფერი, ბედნიერი ვარ და... თვალები რომ გავახილე, ყველა თავზე მედგა, გავთიშულვარ.
იქიდან დაიწყო ყველაფერი, იყო შეცდომები მკურნალობაში, ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ცხიმების დაგროვებაა და გაიწოვსო, ასე გვითხრეს, არასწორი დიაგნოზი დასვეს, არასწორად მიმკურნალეს და…
ბევრი ჭორი დადის ჩემზე…. ვითომ ძალიან მექალთანე ვარ, ვითომ უხეშად ვექცევი ხალხს და ძალიან ეგოისტი ვარ. ისეთი რაღაცებიც თქვეს, რაც ცხოვრებაში არ ყოფილა და არც მოხდება, არა უშავს, ენას ძვალი არ აქვს, ატრიალონ.
ეტლმა და ეტლში ჯდომამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახვა.
ჩემი მიზანია საზოგადოებაში შშმ პირებზე ცნობიერების ამაღლება, ეს იდეა ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა... გავიცანი თიკა რუხაძე, მან ჩემი ეს იდეა მიაწოდა საჭირო ადამიანებს, მათაც გაიაზრეს ჩემი წინადადების მნიშვნელობა და შედეგად, ''სხვა შუა დღის'' ერთ-ერთი წამყვანი ვარ.
მას შემდეგ, რაც გადაცემაში გამოვჩნდი, ჩემი ''ფეისბუქი'' გააქტიურდა. ამას წინათ ერთმა გოგონამ მომწერა, მადლობა, რომ გამოჩნდიო, მერე შენიშვნებიც მომცა, რაც გასაკვირი არაა, ტელევიზიაში მუშაობის არანაირი პრაქტიკა არ მაქვს და არც განათლება. რვა კლასის მერე საერთოდ არ მისწავლია და თუ გრამატიკულ შეცდომებს დავუშვებ, ეს მოსალოდნელია.
ჩვენი ქალაქი არაა საკმარისად ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის, პანდუსები ახლახან გაკეთდა. ბევრგან პანდუსები არაა გათვლილი ზომა-წონაზე, არ არის სწორად შერჩეული დახრილობა და ა.შ. ყველა მაღაზიასა თუ დაწესებულებაში ვერ შეხვალ, დიდ სავაჭრო ცენტრებს კი აქვთ პანდუსები, მაგრამ თუ შიგნით შეხვალ, შეიძლება, ლიფტით მეორე სართულზე ვერ ახვიდე.
მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი, კიდევ კარგი, ჩემი ეტლი ცოტა ვიწროა და ლიფტში შეეტია, სხვა ეტლი ვერ შეეტევა, არ არსებობს. საჭირო ოთახი არ აქვთ ადაპტირებული. კლინიკიდან რომ გამოვდიოდი, პანდუსთან მანქანა იდგა, რომელშიც იჯდა ქალბატონი. შევძახე, ბოდიში კი მომიხადა, მაგრამ მისი თანმხლები, ვისაც იქ ელოდებოდა, რომ მოვიდოდა, ჩემზე ეტყოდა, ვიღაც ინვალიდი ბიჭი იყოო...
ჩემი რჩეულია ნატაშა სმირნოვა, უკრაინიდან. ამჟამად იქ ცხოვრობს, ჰყავს 8 წლის ბიჭი, რომელსაც უკვე ჩემს ბიჭს ვეძახი, ილია ჰქვია, ძალიან ჭკვიანი ბავშვია. უკვე წელიწადზე მეტია ვურთიერთობთ, ვაპირებთ ამ ყველაფრის წელს დაგვირგვინებას, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
ახლა უკრაინაში ძალიან ცუდი ვითარებაა, თან, მე რომ იქ ჩავიდე, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო, ეს არ გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა მაქვს, აქ, ასეა თუ ისე, მაინც აწყობილი მაქვს საქმე, ამიტომ აქეთ ჩამოსვლაზე თავადაც თანახმაა, ეს საკითხი უკვე გავიარეთ და შევთანხმდით, - აცხადებს მერაბ დუკაშვილი.