-
2014-12-28 22:53
ჯონ მალკოვიჩმა მხოლოდ ახლა, როცა ასაკში შეაბიჯა, გაიაზრა, რომ მოკვდავია. მანამდე ის სხვა ბევრივით ფიქრობდა: „კი, ადამიანები კვდებიან, მაგრამ მე არა!“. რა მოსწონს, რა პრინციპით არჩევს სცენარს, რა მიიღო მსახიობობისგან და რა - პროდუსერობისგან, ინტერვიუში წაიკითხავთ.
-რატომ უყურებ ფილმებს?
-კომედიური ჟანრის ფილმებს ვუყურებ და ამ პროცესისას ბედნიერი ვარ. თუ ფილმი იმ მიზანს აღწევს, რაც შექმნისას დაუსახეს, ჩემთვის თანაბრად სასიამოვნო იქნება მისი ყურება იმის მიუხედავად, თუ რომელი ჟანრისაა. თუ კომედიაში ასეთი მიზანი ადამიანის გაცინებაა, ხოლო დრამებში იმის შესახებ მოყოლა თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ორივე მათგანი წარმატებით მიაღწევს მიზანს, მე ისინი თანაბრად მომეწონება.
-ასე აფასებ ხოლმე სცენარს, როგორც მსახიობი და როგორც პროდუსერი?
-პროდუსერის შეფასება მსახიობის შეფასებისგან განსხვავდება. ფულს მსახიობობით ვშოულობ და პროდუსერობით ვკარგავ (იცინის).
-მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ საქმიანობას თავს არ ანებებ.
-მიყვარს პროდუსერობა, იმიტომ რომ კარგ რაღაცებს ვაკეთებთ და მე მაქვს რწმენა ჩემი პარტნიორებისადმი. თუ ამ პროცესში ფულს დაკარგავ, ცუდია, მაგრამ ნუ იტირებ, იმიტომ, რომ ეს ბუნებრივია. მილიონობით მიზეზის პოვნა შეიძლება იმისთვის, თუ რატომ ვიღებ ფილმებს.
ანტონიონი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც ოთხმოციან წლებში ფილმი შემომთავაზა. შემდეგ მას ინსულტი დაემართა და არავის ეგონა, თუ კვლავ დაუბრუნდებოდა თავის საქმიანობას, მაგრამ მალე მისმა ცოლმა დამირეკა და კვლავ შემომთავაზა ფილმზე მუშაობა, მეც უყოყმანოდ, ისე რომ სცენარი არც კი წამიკითხავს, დავთანხმდი.
-შეგიძლია თქვა, რომ სასიამოვნო ცხოვრებით იცხოვრე?
-უმეტესწილად. ჩემი მეგობრები, ინტერესები, ის, რაც წამიკითხავს, რისი კეთებაც მომწონს. შესანიშნავი მეგობრები მყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ძალიან მომწონს, მათთან კავშირს არასოდეს ვწყვეტ. არავინ მაფიქრდება, ვისაც უფრო სასიამოვნე ცხოვრება ჰქონდა.
-სად პოულობ იმ მასალას, რომელიც შენს ინტერესს იწვევს?
-ბევრი წყარო არსებობს. რამდენიმე დღის წინათ, როცა ბოსტონში მივფრინავდი, ერთ-ერთ ჟურნალში საინტერესო თემას წავაწყდი. ზუსტად არ ვიტყვი ამ თემის შინაარსს, იმიტომ, რომ ადამიანებს ქურდობისკენ მიდრეკილობა ახასიათებთ, მაგრამ სტატია ძალიან საინტერესო იყო. რომ მქონოდა ამის საშუალება, იქვე ვიტყოდი: „წაიკითხეთ ეს სტატია და დავიწყოთ სცენარზე მუშაობა.“ მართალია ლიტერატურისგან ხშირად ვიღებ შთაგონებას, მაგრამ მთავარი წყარო მაინც ყოველდღიურობაა.
-შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო მშვიდად გრძნობ თავს, ვიდრე ახალგაზრდობაში?
-მთავარი ისაა, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ. როცა ორი ან ხუთი წლის ბავშვები გყავს, გაინტერესებს, როგორები იქნებიან ისინი, რა უნდა ურჩიო, რა უნდა გააკეთო. როცა გაიზრდებიან და თინეიჯერები ხდებიან, ხვდები, რომ ვერაფერს ურჩევდი და ვერც ვერაფერს გააკეთებდი (იცინის).
გარდა ამისა, როცა შვილები გყავს, იმასაც აცნობიერებ, რომ მოკვდავი ხარ, ანუ სიკვდილზე ფიქრს იწყებ. მანამდე შეიძლება სხვანაირად ფიქრობდე - ადამიანები კვდებიან, მაგრამ მე არა! ახლა კი ვხვდები, რომ შეიძლება მოვკვდე დღეს, ხვალ ან ორმოცი წლის შემდეგ.
-ამგვარი მიდგომა გეხმარება იმაში, რომ არსებული მომენტით იცხოვრო?
-კი. ამასთან ისეთი ტიპიც არასოდეს ვყოფილვარ, რომელიც წარსულში დაიკარგა, მომავლის ორიენტაციაც დაკარგა და აწმყოთი ვერ ცხოვრობს.
-წარსულს რომ გადახედო, რამეს ნანობ?
-როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბევრ რამეს ვინანებდი. მაგრამ ეს სხვა რამეა. მეტი დანაშაულის, სირცხვილის გრძნობა და სინანული. როცა ასაკში შევედი, ბევრი არაფერი მინანია. რა თქმა უნდა, დამიშვია შეცდომები, მაგრამ ვიცი, რომ წარსულში ვერ დავბრუნდები და არც ვცდილობ ამას. ვერ გააქრობ იმ ტკივილს ან იმედგაცრუებას, რომელიც შენი მიზეზით გაჩნდა, თუნდაც შენში. წარსულს ვერ შეცვლი.
მოამზადა ბექა ბერულავამ