-
2014-12-18 02:18
რასა და რას შორის ეძებს ბალანსს, რა როლებისკენ ილტვის, როგორ ემზადება გადაღების დაწყებამდე, რატომ იმატებს ასაკს - ამ ყველაფერზე ედვარდ ნორტონი გულახდილად მოგიყვებათ.
-როდის გააცნობიერე, რომ კარგი მსახიობი ხარ?
-ადრეულ ასაკში აღმოვაჩინე, საკმარისად მშვიდი ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი თავიც კი გამეკვირვებინა საკუთარი სპონტანურობით და მერე ვიფიქრე: „ეს ისაა, რაც უნდა ვაკეთო, სპონტანურობა ის გრძნობაა, რომელიც ხშირად უნდა განვიცადო.“ მახსოვს მომენტები, როცა თეატრში ვმუშაობდი და ვფიქრობდი: „ეს კარგია, სასარგებლო, მრავლისმომცემი, ბევრ რამეს ვსწავლობ და ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩემზე.“
-მსახიობობა ბედნიერებას განიჭებს?
-ეგრე მგონია. მსახიობობა იმასაც მოითხოვს, რომ იპოვო ბალანსი ტვინის რაციონალურ და ემოციურ, იმპულსურ ნაწილებს შორის, რომელიც ქაოსიდან იღებს სათავეს. ჩემთვის მთავარი სწორედ ამ ბალანსის პოვნაა. გააზრებული მსახიობობა და დაწყობილი, გათვლილი მოქმედებები შეიძლება ძალია დამღლელი იყოს, მაგრამ სპონტანურობა სასიამოვნოა, განტვირთვის საშუალებას იძლევა. თუ პროცესისგან სიამოვნებას არ იღებ, ფილმში გადაღებას აზრი არ აქვს.
-ოდესმე ზედმეტი მოგსვლია?
-რა თქმა უნდა.
-როდის?
-ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ და სხვა რაღაცებისთვის დრო არ მრჩება. ამ პრობლემის მოგვარება ზედმეტი გადატვირთვისაგან თავის არიდებით შემიძლია.
-ამგვარი სტრატეგიის დამსახურებაა, რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურები?
-მე იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ასაკს კი არ იკლებენ, იმატებენ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უფრო სერიოზული როლები მივიღო, რომლისკენაც გული მიმდის.
-ფილმში გადაღებამდე დიდი ხნის განმავლობაში ემზადები?
-მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ვამოწმებ ტანსაცმელს, მუსიკას, ხმას. ზოგჯერ ტანსაცმლის სწორად შერჩევა ძალიან გეხმარება პერსონაჟის ხასიათს ჩასწვდე. თუმცა ეს ყოველთვის განსხვავებულად ხდება. ზოგჯერ ტანსაცმელია მთავარი, ზოგჯერ მუსიკა ან ხმა. ერთი ფილმისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი, რათა ჩემი პერსონაჟის აქცენტი გამეთავისებინა, ის დეტროიტიდან იყო.
-საზოგადოებასთან ხშირი კონტაქტისთვის თავის არიდება ეკრანზე გმირების გაცოცხლებაში უფრო მეტად გიწყობს ხელს?
-კი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ხშირი კონტაქტი პუბლიკასთან სახიფათოა, გმირი რომლის განსახიერებასაც აპირებ, მით უფრო ცოცხალი იქნება აუდიტორიისათვის, რაც უფრო განერიდები ამგვარ კონტაქტს.
-ბევრი ამბობს, რომ ვერავინ გააკონტროლებს მედიას, რომელსაც შენს ცხოვრებაში უნდა ჩარევა.
-ჩემი აზრით, კონტროლი შესაძლებელია, ნავიგაცია უნდა ისწავლო. უნდა მიაგნო გზას, აკეთო ის, რაც გინდა და უკუაგდო ის ფაქტორები, რომლებიც ხელს გიშლის ამაში.
-გაწუხებს ხოლმე ის ფაქტი, რომ ზოგჯერ შენი ფილმი ისეთ ფართო გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს, როგორის იმედიც გქონდა?
-არა, სულაც არა. მე ფილმებში ყოველთვის ერთი და იმავე იმპულსების წყალობით ვიღებ მონაწილეობას. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით დამოუკიდებელი მოდელის მქონე ფილმებშიც გადამიღეს. თუ გამოხმაურების მასშტაბებზე გააკეთე აქცენტი, შეიძლება ძალიან მარტივად გაგიცრუვდეს იმედები. მე მაქვს საკმარისი გამოცდილები ამის სათქმელად.
-რას გულისხმობ?
-თავიდან იმაზე ფიქრობ, რა რეაქცია მოჰყვება ფილმის გამოსვლას ხალხში, მაგრამ შემდეგ ფილმის რეალურ ღირებულებაზეც ამახვილებ ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ ფილმები თვითონ პოულობენ თავიანთ ნიშას.
მოამზადა ბექა ბერულავამ