-
2014-12-07 17:06
ცნობილი რეჟისორი მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ ის მუდამ ემოპციური იყო, ხოლო სიბერეში ქალიშვილის შეძენამ უფრო მეტი ემოცია მოუტანა. ინტერვიუდან ასევე გაიგებთ, რატომ იყენებს მუდამ „გიჟურ მეთოდებს“ ფილმის გადაღებისას რეჟისორი.
-თქვენი ხედვა კინოინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით პესიმისტურია თუ ოპტიმისტური?
-კინოსთვის ძალიან კარგი დროა, რადგან ბევრი ახალი რამ კეთდება, რაც აქამდე თავშიც არავის მოსდიოდა. ეს მეოცე საუკუნის კინო აღარაა. ფილმებს დიდი კი არა, უკვე პატარა ეკრანებისთვის იღებენ.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-ცუდს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ახალმა თაობამ ძველი ფილმებიც ნახოს, თორემ მთელი კულტურა მიეცემა დავიწყებას.
-ასაკთან ერთად სენტიმენტალურობაც გემატება?
-იმედი მაქვს, ასე არაა, სენტიმენტალურები ხომ უფრო ზედაპირულები არიან.
-უფრო ემოციურიც არ ხარ?
--მე ყოველთვის ემოციური ვიყავი, ეს ჩემი თანდაყოლილი მახასიათებელია. ამასთან სიბერეში შვილის ყოლა ახალგაზრდობაში შვილის ყოლაზე უფრო ემოციურია. პირველი ორი გოგო 20-დან 30 წლამდე ასაკის პერიოდში შემეძინა, მაშინ განსხვავებული გამოცდილება მივიღე.
-უმცროს ქალიშვილს აძლევ იმის უფლებას, რომ შენს ფილმებს უყუროს?
-არა, არა (იცინის).
-როდის დართავ ნებას?
-მე და ჩემმა ცოლმა ბევრი ვილაპარაკეთ ამის შესახებ. შეიძლება ვაყურებინო რამდენიმე ფილმი, მაგალითად, „ფულის ფერი“, მაგრამ არ ვჩქარობ. 13-14 წლამდე ჩემი ფილმების ყურება არც ისე რეკომენდირებულია.
-როგორი იყო 1950-იანი წლების ნიუ-იორკში გატარებული ბავშვობა?
-ჩემ გარშემო მუშები იყვნენ და არა ინტელიგენტები. კონსერვატიული მუშათა კლასი, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დიდი დეპრესია გამოიარეს. მაშინ მანქანები მხოლოდ იმათ ჰყავდათ, ვინც რამეს წარმოადგენდა, მუშებს მანქანები არ ჰყავდათ. ისინი მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებდნენ.
-ეგ პერიოდი ცივი ომის ხანა იყო, იგრძნობოდა შიში ან ომის მოლოდინი?
-გრძნობდი და იცოდი კიდეც, რომ ასეთი დრო იდგა. სკოლაში ხშირად გვაფრთხილებდნენ, რომ ნებისმიერ დაბლა მფრინავ თვითმფრინავს შეეძლო ბომბის ჩამოგდება და როცა ასეთ თვითმფრინავებს მოვკრავდით თვალს, შიში გვეუფლებოდა. ხშირად გაკვეთილებზე გვესმოდა როგორ აცხადებნენ რუპორში: „ყურადღება, სიფრთხილე დაიცავით!“ და ამ დროს ყველა მერხის ქვეშ ვიმალებოდით, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ ეს მხოლოდ ტესტი იყო.
-ყველაზე გიჟური რა გაგიკეთებია ფილმის გადაღებისას?
-პრინციპში, ყოველთვის გიჟურ მეთოდებს ვიყენებ, იმიტომ, რომ როგორც მივხვდი, გადაღების პროცესში ხშირად ვერ ვაცნობიერებ რეალურად რა ხდება. როცა „ცოფიან ხარს“ ვიღებდით, მახსოვს ხშირად ვეუბნებოდი პროდუსერს: „ეს ხომ სიგიჟეა, როგორ მივედით აქამდე?“ მაგრამ დასაწყისშიც რომ ასე გვეფიქრა, ბოლოში ვერასოდეს გავიდოდით.
ასე რომ აუცილებელია საკუთარი საქმე აკეთო ყველაფრის მიუხედავად და ყველაფერი დანარჩენი მეორადი მნიშვნელობისაა.
მოამზადა ბექა ბერულავამ