
სირიის ქალაქ ხმეიმიმში განლაგებულ რუსეთის ავიაბაზას ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულებმა საარტილერიო დარტყმა მიაყენეს, არის მსხვერპლი. ავიაბაზაზე შეტევა სწორედ იმ პროვინციაში (ლატაკია) განხორციელდა, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს.
ბაზას საარტილერიო დარტყმა 26 ნოემბერსაჰრარ აშ-შამის დაჯგუფების წევრებმა მიაყენეს - ამის შესახებ სირიიდან მიღებულ წყაროებზე დაყრდნობით საერთაშორისო ვოლონტერთა ჯგუფი informnapalm იტყობინება.
საარტილერიო შეტევის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები. როგორც წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, შეტევის შემდეგ რუსული ავიაბაზიდან ჰაერში არ აფრენილა არცერთი თვითმფრინავი. ავიაბაზაზე შეტევის ფაქტი გამოცემას ისრაელში მყოფმა ვოლონტერებმაც დაუდასტურეს.
გამოცემის ხელში აღმოჩნდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ავიაბაზისთვის საარტილერიო დარტყმის მიყენებაზე მიანიშნებს. საინტერესოა, რომ ჰარაკიატ აჰრარ აშ-შამ ალ-ისლამის დაჯგუფება, რომელმაც შეტევა განახორციელა, ასადის რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იბრძვის.