
თურქეთის პრეზიდენტის რეჯიბ ტაიპ ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლის სხვადასხვა ფრაგმენტი მოჰყავს „როიტერს“ - გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება ხელს არ აძლევს, მაგრამ რუსეთი ცეცხლთან თამაშს უნდა მოეშვას.
„ჩვენ ნატოს წევრი ვართ და შევახსენებ ყველას, რომ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია აღიქმება ნატოს წინააღმდეგ აგრესიად და ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, ნატო შესაბამის ზომებს მიიღებს ალიანსის წევრი ქვეყნის დასაცავად“, - ეს განცხადება ერდოღანმა სი ენ ენთან საუბარში გააკეთა, როცა რუსეთის მიერ სირიაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარების განთავსებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქულ მხარეს წინასწარგანზრახულად არ ჩამოუგდია რუსული ბომბდამშენი და ჩამოგდების მომენტში არც იცოდა, რომელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა სამხედრო თვითმფრინავი.
„ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ ვინც ორმაგი სტანდარტებით უდგება ტერორიზმს, ცეცხლს ეთამაშება. მთლიანად ვეთანხმები ამ შეფასებას, სწორია: ასადის რეჟიმის მხარდაჭერაც, რომელმაც 380.000 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და დათესა სახელმწიფო ტერორი, ასევე ცეცხლთან თამაშია. დარტყმის მიყენება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ოპოზიციისთვის - ასევე, ცეცხლთან თამაშია.
იმ ინციდენტის მომიზეზებით, რომელშიც მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი სიმართლე, გაუგონარი ბრალდებების წამოყენება ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების შეშფოთება, რომლებიც რუსეთში გამოფენაში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ - ასევე, ცეცხლთან თამაშია. დაარტყა ჰაერიდან სატვირთო მანქანების კოლონას, რომელიც რეგიონში ვაჭრობისთვის ან ჰუმანიტარული მისიით იმყოფება, ასევე და სწორედაც რომ ცეცხლთან თამაშია. ჩვენ გულწრფელად ვურჩევთ რუსეთს - ნუ ეთამაშება ცეცხლს“,-განაცხადა ერდოღანმა.