
თურქეთთან მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, დღეს რუსეთს არ ჰყავს მოკავშირეები შავი ზღვის აუზში. მეტიც: შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყნიდან სამი (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) ნატოს წევრი, ხოლო ორი (უკრაინა, საქართველო), პრაქტიკულად, წევრობის კანდიდატია.
ამას გარდა, მოსკოვმა „მიაღწია“ იმას, რომ ის ახლა პერსონა ნონ გრატაა უკრაინის, ბულგარეთისა და თურქეთის საჰაერო სივრცეში. თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში ნატოს ხომალდების პერმანენტულ ყოფნასა და ბოსფორის სრუტის კონტროლს თურქეთის მიერ, ასევე, ამერიკული და თურქული ფლოტების სიძლიერეს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთს შავი ზღვის აუზში მხოლოდ სტატისტის როლიღა დარჩა.
აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თურქეთს საჰაერო სივრცის დაცვაში გაუწიოს თანადგომა. პენტაგონის ვებგვერდის მიხედვით, ჯერ კიდევ რუსული სუ-24-ის ჩამოგდებამდე თურქეთში, ინჯირლიკის ბაზაზე პირველი ხუთი ამერიკული გამანადგურებელი F15С Eagle უკვე დაეშვა.
პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტა, რომ შესაბამისი თხოვნით აშშ-ს თურქეთმა მიმართა. ამასთან, ეს თხოვნა პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის ქმედებებს: კუკმა ხაზი გაუსვა, რომ „თურქეთმა აშშ-ს სირიის მხრიდან თურქეთის სივრცეში რუსული თვითმფრინავების რამდენიმეჯერ შეჭრის შემდეგ მიმართა“.
მანვე დაამატა, რომ ვაშინგტონის ეს ქმედება უკავშირდება მიზანს, რომ დაიცვან ნატოს წევრი, მოკავშირე ქვეყანა და ასევე, საბოლოოდ გაანადგურონ დაეში ერაყსა და სირიაში.
კუკის თქმით, თურქეთში ამ მიზნით სხვა ამერიკული თვითმფრინავებიც გაიგზავნება. აქედან გამომდინარე, აზრს არაა მოკლებული ზოგი რუსი ექსპერტის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურქეთს რუსული სუ-24 ჩამოგდება ერთპიროვნულად არ გადაუწყეტია და შესაძლოა, ამ მოქმედებაში თურქ პილოტებთან ერთად, ამერიკული ლოკაციის სისტემები და სხვა ფაქტორები მონაწილეობდნენ.
სხვათა შორის, თურქეთში უკვე F15E Strike Eagle-ებიც გადაისროლეს, რომლებიც სახმელეთო ოპერაციის დროს მხარდასაჭერად არიან განკუთვნილი.
ცნობისთვის: F-15 Eagle - ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელია, უმდიდრესი საბრძოლო გამოცდილებით. ის მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში, იუგოსლავიასა და სპარსეთის ყურეში. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს გამანადგურებელი ჯერ არავის ჩამოუგდია. გამანადგურებლის მაქსიმალური სიჩქარეა 2.650 კმ/სთ.
ukropua-ს მიხედვით