-
2015-11-27 09:54
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ ეხმიანება ლატაკიის პროვინციაში რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს და წერს, რომ ბოდიში არა თურქეთს, არამედ რუსეთს აქვს მოსახდელი და რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში თურქეთი ისევ ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა. ერდოღანმა ვრცელი განცხადება ანკარაში გააკეთა.
"კიდევ ერთხელ დაარღვევენ ჩვენს საზღვრებს? კიდევ ერთხელ ჩამოვაგდებთ! ჩვენ მოვითხოვთ თურქეთის სუვერენიტეტის პატივისცემას, არაერთხელ იქნა დარღვეული ჩვენი საჰაერო სივრცე და ჩვენ ვიზღუდებოდით ზრდილობიანი გაფრთხილებებით, რომ არ გაგვერთულებინა ისედაც დაძაბული სიტუაცია რეგიონში. როდესაც ეს დარღვევა ხშირდება და რეგულარულ ხასიათს იღებს, მაშინ დიდი ბოდიში, თურქეთი იტოვებს უფლებას თავი დაიცვას ყველა საფრთხისგან.
ამბობენ, რომ ჩვენ ნავთობს ISIS-გან ვყიდულობთ, ეს ნამდვილი სიგიჟეა, რუსეთმა ხომ შესანიშნავად იცის, რომ ენერგომატარებლების მნიშვნელოვან ნაწილს მისგან ვყიდულობთ, როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ ვფანტოთ სიტყვები? პუტინი მე ბრალს მდებს თურქეთის ისლამიზაციაში. ეს სასაცილოა. თუ ის გათვითცნობიერებული არ არის, შემიძლია მის გასაგონად გავიმეორო, რომ თურქეთის მოსახლეობის 99 პროცენტი მუსლიმია. თავად განსაჯეთ, სად არის აქ ლოგიკა.
მე ხომ შენ არ გეუბნები, რომ შენი ქვეყნის ქრისტიანიზაციას ეწევი. ასევე საუბრობს რაღაც საერთო პროექტების შეწყვეტაზე. განა პოლიტიკოსები ასეთ ცარიელ განცხადებებს აკეთებენ ნაჩქარევად, ვიდრე სამხედრო ექსპერტებს არ გამოუაშკარავებიათ ინციდენტის ნამდვილი მიზეზები? დამრღვევმა ჯერ თავის თავს უნდა შეხედოს, მე კი მსურს განვაცხადო, რომ დღესაც, თუკი ვინმე გაბედავს ჩვენი საზღვრების დარღვევას, პასუხი იგივე იქნება", - განაცხადა ერდოღანმა.