-
2015-11-25 19:51
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, ინციდენტი, რომელსაც სირიის საზღვართან თურქეთის ავიაციის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდება მოჰყვა, წინასწარ დაგეგმილს ჰგავს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქ კოლეგასთან მევლუდ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა: "მომხდარის ანალიზით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, ეს წინასწარ დაგეგმილი და წინასწარგანძრახული აქცია იყო და სრულიად კონკრეტული მიზანი ჰქონდა", - მოჰყავს რუსულ მედიას ლავროვის სიტყვები.
რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა თურქ დიპლომატს ასევე შეახსენა, რომ თურქეთი უკანანოდ ვაჭრობს ნავთობით "ისლამურ სახელმწიფოსთან" სწორედ იმ რეგიონში, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ამის გარდა, ლავროვმა თურქულ მხარეს ის ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი ბანაკებიც შეახსენა, რომლებიც, მათი თქმით, იმ ტერიტორიაზეა განთავსებული.
თუმცა, არსებული ვერსიით, რომელიც რუკაზე შესაბამისი მაჩვენებლებითაა განმტკიცებული, რეგიონში, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს, "ისლამური სახელმწიფოს" შენაერთები ან ინფრასტრუქტურა არ არსებობს. იქ ცხოვრობენ ეთნიკური თურქები, ე.წ. თურქომანები, რომლებიც სირიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა.
