
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა თურქეთის მიერ ჩამოგდებული სუ-24-ის მარშრუტი და განაცხადა, რომ პილოტებს არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ ჩვეულებრივ, ექსტრემალური სიტუაციებისთვის განკუთვნილ ხაზზე და რომ თვითმფრინავი საფრთხეს არ უქმნიდა ოფიციალურ ანკარას.
გენშტაბის მტკიცებით, თვითმფრინავი სირიის თავზე დაფრინავდა, როცა მას რაკეტა მოხვდა და სირიის საზღვართან, თურქეთის საზღვრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. მფრინავების კატაპულტირების შემდეგ ერთი მათგანი დედამიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
ამავე დროს, თურქული მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსული თვითმფრინავის პილოტები ხუთი წუთის განმავლობაში ათჯერ გააფრთხილეს, შეეცვალათ კურსი, ადასტურებს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კოალიციის ერთიანმა სარდლობამ გაიგონა თურქული მხარის მოწოდება და გაფრთხილება, რომელიც პილოტებს კურსის შეცვლას სთხოვდა. ამასთან, მანვე განაცხადა, რომ აარფერი იცის რუსული "სუ-24"-დან გაგზავნილი, უბედურების მაუწყებელი სიგნალის შესახებ.
პენტაგონმა ცალსახად განაცხადა, რომ თურქეთის კუთვნილმა ფ-16-მა რუსულ სუ-24-ზე შეტევა განახორციელა სუვერენული საჰაერო სივრცის დასაცავად.
გაეროში ანკარიდან გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის ფ-16 აწარმოებდა საზღვრის შემოფრენას, როცა თურქეთის ტერიტორიაზე შეჭრილი ორი თვითმფრინავი აღმოაჩინა. ანკარა ირწმუნება, რომ თურქულ მახარეს არ გააჩნდა მონაცემები, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა თვითმფრინავი, ფ-16-ის პილოტმა კი სტანდარტის დაცვით, გააფრთხილა სუ-24-ები, შეეცვალათ კურსი, თუმცა, რუსი პილოტები მას არ პასუხობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გაფრთხილების სემდეგ ერთმა ბომბდამშენმა დატოვა თურქეთის საზღვრები, მეორე კი ფ-16-მა რაკეტით ჩამოაგდო, რადგან ის კურსის შეცვლას არ აპირებდა და არც გაფრთხილებაზე პასუხობდა.