
ლატაკიის პროვინციაში, სოფელ იამადაში ჩამოვარდნილი რუსული სუ-24-იდან კატაპულტირებული ორი რუსი პილოტიდან ერთი ადგილობრივმა მოსახლეობამ დააკავა. ლატაკიაში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, თურქომანები - სირიელი თურქები ცხოვრობენ.
ამ დრომდე გაურკვეველია მეორე სამხედრო მფრინავის ბედი, მისი ძებნის სამუშაოები ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რუსული ბომბდამშენი ლატაკიის პროვინციაში თურქულმა მხარემ ჩამოაგდო, განაცხადა რა, რომ მან თურქეთის საზღვრები დაარღვია. ოფიციალურმა მოსკოვმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატასტროფა, სავარაუდოდ, დედამიწიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. ამასთან, რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე დაფრინავდა და თურქეთის საჰაერო საზღვრები არ დაურღვევია.
რუსული თვითმფრიმავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმაც. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინი საგანგებო განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. საგანგებო მიმართვას გაავრცელებს ასევე ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ნატო.