
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას კიევის ოლქის პროკურატურისა და საგამოძიებო სამმართველოს შენობებში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით თითქოსდა დავით საყვარელიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
ამის თაობაზე ბრიფინგზე განაცხადა გენპროკურორის მოადგილემ ვლადიმირ გუზირმა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საყვარელიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის განკარგულების გაცემა მიეწერა. შეგახსენებთ, ეს ინფორმაცია უკრაინელ ჟურნალიტს ვინმე ბოიკოზე დაყრდნობით რუსულმა და ზოგიერთმა ქართულმა მედიაგამოცემამ გაავრცელა.
დავით საყვარელიძე გუშინ გენპროკურატურის ოფისში ჩატარებულ, უკრაინის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ანტიკორუფციულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც სპეცრაზმ "ალფას" გამოყენება გახდა საჭირო. გენპროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებიდან და პირადი სეიფებიდან 500 ათას აშშ დოლარზე მეტი თანხა ამოიღეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კორუფციის წინააღმდეგ "სწორედ ასეთი" ბრძოლა მოითხოვა, როცა საყვარელიძესთან და გენპროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ეს ოპერაცია განიხილა.