
თბილისში, სანზონაში, ძმები გარიშვილების (ყოფილი ბარამიძის) ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის უკან, ფარეხებთან ლუდის სმის გამო საპატრულო პოლიციამ 6 მამაკაცი დააჯარიმა.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები "აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ექვსი მეზობელი, რომლებმაც ლუდის დალევა გადაწყვიტეს, კორპუსის წინ, ეზოში შეგნებულად არ დაჯდა და უკან, ფარეხების მხარეს, ჩიხში მოკალათდნენ, რათა ორი ლიტრი ლუდი დაელიათ და ესაუბრათ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გზიდან გადმოუხვია და კორპუსის უკანა მხარეს შევიდა, შეკრებილ მამაკაცებთან გაჩერდა და მათ განუმარტა, რომ ეზოში ლუდის დალევა დაჯარიმებას ექვემდებარებოდა. მოგვიანებით აქვე მეორე ეკიპაჟიც მივიდა. თვითმხილველი ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია პირდაპირ ჯარიმის გამოწერაზე გადავიდა და არ ყოფილა ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული მოწოდება დაშლის შესახებ.
"აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა უთხრა, რომ დაჯარიმდა ექვსივე მამაკაცი, რომლებზეც ალკოტესტზე შემოწმებამ ალკოჰოლის შემცველობაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ორი მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.