
თვითმხილველები დღეს მომხდარ ძარცვისა და ქურდობის ფაქტებზე სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, ამათგან ერთი თავადაა დაზარალებული და მომხდარი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული.
პირველი შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, „ნიკორას“ ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა: თვითმხილველთა თქმით, ქუჩაში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიმავალ ქალს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. ერთმა მას ჩანთა გასტაცა, მეორემ კი ყელსაბამი ჩამოგლიჯა.
მას შემდეგ, რაც ქალმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თავდამსხმელებმა ქალს ხელი დაარტყეს, რის შემდეგაც მას ხელში აყვანილი ბავშვი ხელიდან გაუვარდა. ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, თავდამსხმელები კი მიიმალნენ. როგორც დაზარალებულმა თვითმხილველებს უთხრა, ყელსაბამი ოქროს ნაკეთობა იყო.
მეორე შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სადგომზე ორი საათით დატოვებული მანქანა მის პატრონს გაქურდული დახვდა. როგორც თავად დაზარალებული წერს:
„დღისით-მზისით, ჭავაჭავაძეზე 2 საათით დატოვებული მანქანა ასე დამხვდა. წაიღეს აიპედი, ჩანთა და რაც რამე ნახეს მანქანაში.
# 8 ადგილზევართ, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, არა?! კრიმინალური სიტუაცია დღითიდღე მძიმდება...
p.s. წითელი საღებავი პოლიციის საგამოძიებო ქმედების შედეგია“.