
პრაღაში არის ხიდი, სადაც ახლადდაქორწინებულები აუცილებლად მიდიან და სპეციალურ მოაჯირზე ბოქლომებს ატავსებენ - ბოქლომებს ისინი ჩაკეტილს ტოვებენ.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კარლოსის ხიდი პრაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ხიდთან ყოველ კვირას მიდის სპეციალური ბრიგადა და გისოსებს ბოქლომებს აცილებს. ხიდზე გისოსები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს.
ხიდის მოაჯირზე იან ნეპომუცკის ფიგურაა გამოსახული. იან ნეპომუცკი წმინდანადაა შერაცხული. ის პრაღის საეპისკოპოსოს ღვთისმსახური იყო.
იგი 1393 წელს მეფე ვაცლავ მეოთხის ბრძანებით შეიპყრეს, დაატუსაღეს, აწამეს, მერე ტომარა გადააცვეს და კარლოსის ხიდიდან ვლტავაში გადააგდეს. ის, თუ რით დაიმსახურა ფრიად განათლებულმა ღვთისმსახურმა მეფის ასეთი რისხვა და სასჯელი, არავინ იცის.
ამბობენ, იან ნეპომუცკიმ არ გასცა ის საიდუმლო, რომელიც მას აღსარებისას მეფის ცოლმა გაუმხილაო. ასე იყო თუ ისე, იან ნეპომუცკის გადაგდების მერე, ლეგენდის მიხედვით წყლის ზედაპირზე ხუთი ვარსკვლავი ამობრწყინდა და იგი წმინდანად შერაცხეს.
მას შემდეგ იან ნეპომუცკის თავს ზემოთ ხუთი ვარსკვლავით გამოსახავენ. იან ნეპომუცკის ამგვარად გამოძერწილი ქანდაკება ახლა კარლოსის ხიდის ერთ-ერთი მშვენებაა.