
ქართველი მაყურებელი ტრიბუნებზეც და ეკრანთანაც სუნთქვასეკრული ელოდა სასწაულს, როცა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხ წამზე ნაკლები იყო დარჩენილი: შეიძლებოდა ჩაჭრა, ბურთის აღება და თუ გამარჯვების სამქულიანის არა, გასათანაბრებელი ორქულიანის ჩაგდება მაინც... ამასთანაც ვიყავით, მაგრამ სასწაული არ მოხდა...
საქართველოს ევრობასკეტის მერვედფინალში დამარცხდა. დამარცხდა მსოფლიო რეიტინგში მეოთხე გუნდთან, ოთხი ქულით. მართალია, სედეგი, შესაძლოა, სულ სხვანაირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ ჩვენმა ბიჭებმა პირველი ორი მეოთხედი მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, მაგრამ მღელვარება, შეცდომები, ლიტვის ნაკრების გამოცდილება და, რაც მთავარია - ის, რომ იონას მაჩულისს თამაში დიდებულად წაუვიდა და, როგორც ჩვენი კომენტატორები ხშირად იმეორებდნენ, "სისხლი გაგვიშრო"... ისიც გასახსენებელია, რომ წინა 5 თამაშში ერთად მაჩულისს სულ 54 ქულა ჰქონდა მოგროვილი და მხოლოდ დღევანდელ თამაშში 34 ქულა მოუტანა თავის ნაკრებს...
ამის მიუხედავად, ინტერნეტგამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვინც ქართველი კალათბურთელები საყვედურისთვის გაიმეტა. სოცქსელებში, ძირითადად, ბიჭებს მადლობა გადაუხადეს, ხოლო მოძმე ლიტვის ნაკრებს წარმატებები უსურვეს.
საქართველოს ნაკრების წევრები რომ შემართული გავიდნენ სათამაშოდ, მატჩის დასაწყისიდანვე ჩანდა. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ჰიმნის შესრულების დროს რეჟისორებმა ტრიბუნებზე მყოფი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია აჩვენეს ტრაფარეტით ხელში, სადაც ინგლისურად ეწერა: "საქართველო, სოხუმი".
ისიც უნდა ითქვას, რომ თენგიზ პაჭკორიას ბოლო დროს თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტულ თუ არასპორტულ კონკურსში, მატჩში, სწორედ ამ ტრაფარეტით ვხედავთ, რისთვისაც ის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ კადრებს, როგორ იწყებოდა ლიტვა-საქართველო, რომელიც ბალტიისპირელთა გამარჯვებით 85:81 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფრაგმენტები იხილეთ აქ