
„ჩემი ვარსკვლავი საქართველოა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან იკაშკაშოს“ - ალეკო გრიგოლაშვილი.
ანდერძივით დაიბარა და დაგვტოვა. წასვლა არ ჰქონდა დაგეგმილი - საქართველოზე ფიქრობდა. ასე ხომ ყველა გარდაცვლილზე შეიძლება დაწერო: „ის ქვეყანაზე ფიქრობდა“, მაგრამ ალეკო მართლა ასე იყო - ყველა მიმოწერაში ჩანს, რომ საქართველოზე ფიქრობდა.
ახლა სამხედრო მაისური მისი მეტსახელით მის შვილს, გოგონას აცვია. იმედია, მხოლოდ სუვენირად შეინახავს და როცა გაიზრდება, არ დასჭირდება დიდი ზომის დამზადება და პირდაპირი დანიშნულებისთვის ჩაცმა - ალეკოს ხომ ეს უნდოდა, რომ მის შვილებს, ჩვენს შვილებს არ ეომათ - ამიტომაც იყო თვითონ ოთხ ომში...
ისევე, როგორც ძალიან ბევრი ღირებული რამ, ქუთათურებმა გლოვაც ღირსეული იციან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ალეკოს პანაშვიდი გადაუხადა და ჯვრით ხელში თავად გამოაცილა ტაძრიდანაც. პანაშვიდის დროს კათოლიკოს-პატრიარქის ბლანკიანი სამძიმარიც წაიკითხეს, მერე კი ოჯახს გადასცეს.
ალეკო კი იწვა. და თითქოს ეძინა. იწვა და ჩვენთვის კი არა, სიკვდილისთვის იყო „ჩუჟოი“. ლამაზად მკვდარი, ლამაზად მიდიოდა. მოგანდომებდა კიდეც ასე წასვლას, ისე მიდიოდა...
ზლუქუნს ვერავინ ბედავდა, ცრემლები კი ყველას ყელში ებჯინებოდა. ვიღაცამ, პანაშვიდის დროს მეუფესთან ახლოს მდგარმა მითხრა - გავიგონე, მეუფემ როგორ გადაულაპარაკა სტიქაროსანს, ხელი მომკიდე, ცუდად ვხდები და არ წავიქცეო...
მშვიდობით, ალეკო. როგორც ერთმა მაგარმა პოეტმა დაწერა ცხრა აპრილის მერე - ეტყობა, ჯერაც ცოცხლები ვართ, რადგან დასახოცად მოდიან. ეტყობა, ჯერაც ცოცხლები ვართ, რადგან დაჭრილებს, სისხლი დაგვდინდა.
რადგან ცოცხლები ვყოფილვართ, ყველაფერი კარგად იქნება. ჰო, კარგად იქნება ყველაფერი.
ლაშა ბერულავა