-
2019-08-19 08:57
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული
მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლის, კობა ცერცვაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.
„რაც შეეხება საქართველოს 8 მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს საოკუპაციო ძალების მიერ, გუშინდელი დღიდან ინტენსიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი, ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია, გააქტიურებული ცხელი ხაზი. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზთან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების კუთვნილი 3 ავტომანქანა. რაც შეეხება დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს, რომ უკანონოდ დაკავებული პირები, რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან და დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
17 აგვისტოს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.