
რადიო 'კომსომოლსკაია პრავდის" ეთერში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცხინვალს ყველანაირად ეხმარება, ხოლო რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა იქ სიმშვიდის გარანტორია.
ამავე დროს, თიბილოვის თქმით სწორედ რუსეთის დამსახურებაა, რომ ადამიანებმა ახალი საცხოვრებელი სახლების აგება და სხვადასხვა ბიზნესში თანხის ჩადება დაიწყეს. თიბილოვმა ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერსაც და მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.
თიბილოვმა ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:
"საქართველომ უნდა მოინანიოს ის, რაც 2008 წელს ჩაიდინა და უნდა დადოს პირობა, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. თუმცა, ამ შეთანხმების ხელმოწერას - ძალის გამოუყენებლობის შესახებ, საქართველო დღემდე გაურბის. ჩვენი პოზიცია ცალსახაა: სანამ ხელი არ მოეწერება ამ შეთანხმებას, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვექნება, ხოლო მასზე ხელის მოწერის შემდეგ, შეიძლება ფიქრი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე", - აღნიშნა თიბილოვმა.