-
2015-05-21 09:45
საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანქსიის შემდეგ „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად შექმნილი „სამხედრო კომიტეტის“ წევრები, სულ 15 პირი, გენერლები და ოფიცრები, ოკუპანტებმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრეს.
1923 წლის 20 მაისს, ისინი ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი და სხვები (სრული სია ბოლოს).
დახვრეტის განაჩენი აღსრულდა თბილისში, ქალაქგარეთ, ამჟამინდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მივიწყებული ადგილია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატრიოტულ ორგანიზაციას, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონსა და ჯგუფ „მილიტარისტებს“, ასევე ცალკეულ პატრიოტებს, რომლებიც ყოველი წლის 20 მაისს მიაგებენ პატივს დახვრეტილთა ხსოვნას.
რჩეული გენერლები და ოფიცრები ამიერკავკასიის ჩეკას თავმჯომარის - მოგილევსკის კატეგორიული მოთხოვნით დახვრიტეს.
დახვრეტაში პირადად მონაწილეობდა რუსი ჯალათი პანკრატოვი. სასიკვდილო განაჩენი მის გარდა გამოიტანეს: მოგილევსკიმ, აშუკინმა, ორჯონიკიძემ, ორახელაშვილმა და კვანტალიანმა.
გახსოვდეს შენი ისტორია!
დახვრეტილთა სია:
1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი.
2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი.
3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი.
4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი.
5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი.
6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი.
7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი.
8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი.
9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა.
დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.
10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი.
11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის.
12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. წითელი არმიის ქართული დივიზიის პირველი პოლკის მეთაური 1923 წელს.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“
13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის.
14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის.
15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. მაიორი. ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიონის უფროსი 1923 წელს. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად.
უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“.
სია აღებულია საიტიდან legionerebi.org