
გრძელვადიანი პაემნები, რომელიც 24-საათიან შეხვედრებს გულისხმობს, მამაკაცთა ციხეებისგან განსხვავებით, ქალებზე არ ვრცელდება.
Ambebi.ge ყოფილ მსჯავრდებულ ქალს ესაუბრა, რომელმაც ტაბუდადებულ თემაზე ღიად ილაპარაკა.
ნინო ნიორაძე (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია) ქალთა ციხეში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
„მოთხოვნა და სურვილი, რა თქმა უნდა, ყველას გვქონდა, რომ გრძელვადიანი პაემნები ყოფილიყო. ძალიან ბევრი ოჯახიც დაინგრა ამის გამო, რომ კავშირი და კონტაქტი არ ჰქონდათ მეუღლეებთან.
ის ფაქტი, რომ საერთოდ არ არსებობს გრძელვადიანი პაემნის საშუალება (მშობელთან, მეუღლესთან, შვილებთან), ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად. ვისაც მოკლევადიანი სასჯელი აქვს, მათთვის უფრო ადვილია ეს, თუნდაც იმიტომ, რომ თავიდან ყველა სტრესშია და არც არსებობს სქესობრივი ცხოვრების ფიზიოლოგიური მოთხოვნა.
ვისაც წლები აქვს მისჯილი და გადალახული აქვს პირველადი სტრესი, თავს იჩენს ეს პრობლემა და სამწუხაროდ, იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებსაც ქალთან ჰქონდათ კონტაქტი დაწესებულებაში.
პროცენტულად, ალბათ 10% მაინც იყო ასეთი და მე მივიჩნევ, რომ ასეთ ურთიერთობაში არ იყვნენ ჰორმონების დარღვევის გამო და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.
ეს გამოიწვია სექსუალური ცხოვრების ნაკლებობამ. ასეთი შემთხვევები ძირითადად ხდებოდა ახალგაზრდებში, 30-წლამდე ასაკის ქალ მსჯავრდებულებში. ვისაც დიდი სასჯელი აქვს და ცხოვრობს სექსუალური ცხოვრების გარეშე, ალბათ მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.,“ - განაცხადა მან.
Ambebi.ge-სთან საუბარში სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, რომ მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც შესაძლებელს გახდის ქალთა დაწესებულებაში როგორც საოჯახო, ისე ხანგრძლივი პაემნის სერვისის მიღებას.