
მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს. შემთხვევა დღეს მოხდა, ინფორმაციას და ფოტოს Mediamall.ge შემთხვევის თვითმხილველ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Mediamall.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ოთხმა ბიჭმა ერთი ბიჭი სცემა, ხოლო პატრულის გამოჩენისთანავე ადგილიდან მიიმალნენ. ნაცემი ბიჭი სამართალდამცველებმა მეტროდან გაიყვანეს.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, ჩხუბი მეტროს ვაგონში დაიწყო, ბიჭი გოგონას გამოექომაგა, რომელსაც უცნობი ბიჭები ფოტოებს უნებართვოდ უღებდნენ.
"ორი ბიჭი გოგონას უღებდა ფოტოებს, რაზეც გოგონა ეუბნებოდა რომ არ გადაეღოთ , ბიჭები მაინც აგრძელებდნენ გადაღებას. გვერდით მდგომი ბიჭი გოგონას გამოექომაგა და ბიჭებს უთხრა შეეწყვიტათ ფოტოების გადაღება. ამან გააღიზიანა ეს ბიჭები და როდესაც ბიჭმა ვაგონი დატოვა, გაჰყვნენ და მოულოდნელად თავს დაესხნენ, შემდეგ მათ ორიც შეუერთდა და ეს ერთი ბიჭი სცემეს", - აცხადებს თვითმხილველი.
ინციდენტს ასევე შეესწრო, ბიჭი, რომელიც მეტროში უკრავს, როგორც მან Mediamall.ge-ს განუცხადა, მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება.
Mediamall.ge ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინციდენტზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა უახლოეს ხანში გაარკვევენ.