
თბილისის ცენტრში ახალგაზრდა გოგონებმა მეზობლი ქალის დაწვა სცადეს, რომელიც ორსულად არის –ინფორმაციას ,,ამბები.გე“ ავრცელებს.
შემთხვევა დელისის ქუჩის მესამე შესახვევში მდებარე დევნილთა დასახლებაში, გვიან ღამით მოხდა.
როგორც თვითმხილველები გამოცემასთან საუბრისას ყვებიან, ორმა დამ, ლიკა.ჯ-მ და მარი.ჯ-მ გოგონას ბენზინი გადაასხეს და მისი დაწვა სცადეს. სალომე. გ, რომელსაც დებმა ბენზინი გადაასხეს, ორსულადაა. როგორც მეზობლები ამბობენ, შემთხვევა მათ თვალწინ მოხდა.
"ვერც კი მივხვდით, ისე უცბად გადაასხა ერთმა დამ სალომეს ბენზინი, მეორე კი ცდილობდა მისთვის ცეცხლი წაეკიდებინა. მხოლოდ მაშინ მივხვდით რაც მოხდა, როცა მეორე და ცდილობდა ასანთი აენთო", -აცხადებენ მეზობლები Ambebi.ge-სთან საუბარში.
მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ დაპირისპირება სალომე.გ-ს ოჯახსა და დებს შორის ადრეც მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ დები სალომე.გ-ს მულს დაესხნენ თავს და ქუჩაში ლუდის ბოთლები გადაამტვრიეს თავზე.
"სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ განზრახული სალომეს დაწვა, რადგან ბენზინით სავსე ბოთლით ქუჩაში არავინ დადის. კიდევ კარგი, დროულად მივხვდით, რასაც აპირებდნენ და შევეცადეთ მათ გაშველებას. შემდეგ კი პატრულმა დები დედასთან ერთად დააკავა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
გამოცემის ცნობით, საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. შემთხვევის ადგილზე 5 ეკიპაჟი მივიდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
ფოტოზე: დები, რომლებმაც ორსული ქალის დაწვა სცადეს (გამოაქვეყნა "ამბები.ჯი"-მ)