
„ქრონიკამ“ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯებთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაციები მოიპოვა.
პროკურატურა, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს - ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ „ჯორჯიას“და სხვა მომღერლებს. ასევე, "კომედიშოუს" მსახიობებსა და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს.
საქმე ისაა, რომ სხვადასხვა დროს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ამ და სხვა მომღერლებისთვის ჰონორარი გადახდილია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, რომელიც ემთხვევა "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების დაბადების დღეებს.
3 შემთხვევაში, 2008, 2009 და 2011 წლებში, მათ თანხები გადაუხადეს 21 დეკემბერს - მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ასევე, 2011 წელს, მომღერლებმა ჰონორარი, მაინცდამაინც 24 ოქტომბერს მიიღეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან - 24 ოქტომბერს ბაჩო ახალაიაა დაბადებული.
ორ შემთხვევაში, 2009-2010 წელს თემურ ჯანაშიას უწყება მომღერლებს ჰონორარებს ზუსტად სანდრა რულოვსის დაბადების დღეს - 23 დეკემბერს ურიცხავს, 2011 წელს - 27 ივლისს, ზურაბ ადეიშვილის დაბადების დღეს... გამოდის, მაღალჩინოსანთა დაბადების დღეებზე ქართველი მომღერლები მღეროდნენ, იუბილარებსა და მათ სტუმრებს ართობდნენ, ფულს კი ბიუჯეტი იხდიდა, თანაც სისტემატურად?!!“ - წერს „ქრონიკა“.