
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, პოლიციის მთავარი მიზანია დეპუტატებს მისცენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება და ასევე არ მოხდეს სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს. ესაა საპარლამენტო ორგანო, სადაც უნდა შევიდნენ დეპუტატები, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, მისცენ საშუალება დეპუტატებს, შევიდნენ პარლამენტში და არ შეუქმნან გადაადგილებაში პრობლემა სატრანსპორტო საშუალებებს“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ
რაც შეეხება აქციაზე დაკავებულ პირებს, სირაძის თქმით ისინი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
„დაკავებულები არიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. აქციის მონაწილეებს შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, როცა იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას. შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ გაეთავისუფლებინათ გზა და გადასულიყვნენ გზიდან, თუმცა ზოგიერთი პირი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის გამო დააკავეს." - აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი