
ამ დროისთვის პარლამენტის შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია არ დამტკიცდეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით ისინი მთელი დღის განმავლობაში აპირებენ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას, რათა მმართველ პარტიას მუშაობაში ხელი შეუშალონ.
აქტივისტებთან ერთად, პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პოლიციასა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და აქციის 3 მონაწილეს უკვე დაატოვებინეს ტერიტორია.
სამართალდამცავები აქტივისტებს მოუწოდებდნენ საავტომობილო გზის გათავისუფლებას, რაზეც ისინი კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.
მიუხედავათ ოპოზიციის წინააღმდეგობისა, პოლიციელებმა მაინც შეძლეს გზის გათავისუფლება და გააკეთეს კორდონი, რათა არ მოხდეს მოძრაობის შეფერხება.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება.