
ეკა ბესელიას განცხადებით მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის შიგნით არსებული მოჩვენებითი დაპირისპირების არ სჯერა და თვლის, რომ მათი ეს ქმედება კიდევ უფრო დიდ ქაოსს გამოიწვევს.
„ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის, არ მაინტერესებს.“ - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი
ბესელია მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ცვლილებების განხორციელება გაუმართლებელია და სწორედ ასეთი ცვლილებების გამო ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ყველაზე მეტ კრიტიკას იღებენ ქვეყნები.
მე მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის. ამ ვითარებაში ახალი ინიციატივების შემოტანა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ინიციატორი იყო, რომ ივანიშვილის დაპირება ჩავარდნილიყო, ეს კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.
ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანას ყველაზე მეტ კრიტიკას იმის გამო აძლევენ ხოლმე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო წესები იცვლება, რაც არ არის ნორმალური. ამიტომ მანიპულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს“ - განაცხადა ბესელიამ.