
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნაში ხელისუფლების ყველა შტოს ერთი ადამიანი წარმოადგენს ასეთი მთავრობა უნდა დაამხონ.
"ჩვენ ამ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს და საერთოდ აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი, ის არცერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, რეალურად კი არის ის, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლე, რომელიც განიხილავს რიგით სასამართლო საქმეს, ისიც ბიძინა ივანიშვილია, რიგითი პროკურორიც და პარლამენტის რიგითი წევრიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ასეთი ხალხი, რომელიც ხელისუფლებიდან არ მიდის თავისი ნებით, აუქმებს არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას და აყალბებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ