
შსს-ს თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1966 წელს დაბადებული დავით კ, რომელმაც დღეს დილით 1981 წელს დაბადებული დავით მ. დანით დაჭრა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, ცაბაძისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დავით მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში ცაბაძის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).