
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ილიაუნში გამოფენილ ” თვითმკვლელი ღვთისმშობლის ” სურათის თემას საკვირაო ქადაგებაზე გამოეხმაურა:
"ერთი სამწუხარო ამბავია, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს.
ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან".
შეგახსენებთ, რომ ილიაუნში, გამოფენაზე გამოტანილმა ნახატმა, სადაც ასახულია ორსული ღვთისმშობელი, რომელიც იარაღით სუიციდს ახორციელებს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ნახატის ავტორია არტისტი ლია უკლება, რომელმაც ის 2013 წლის 17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე შეასრულა.
ნამუშევრის სახელწოდებაა „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“. 2013 წელსვე, გამოცემა "17 მაისისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა:
"მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, შესაბამისად, მეც მზად ვიყავი იმ რეაქციებისთვის, რაც მოჰყვა ჩემს ნახატს „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“. ამით იმის თქმა მინდა, რომ არტისტი და საზოგადოება თითქოს შეთანხმებულად მოქმედებს – აწვდი სკანდალს – გპასუხობს სკანდალით. ...
მე მართალი ვარ არამარტო ჩემს თავთან, არამედ იმ ხალხთანაც, ვინც ლამის სასიკვდილოდ გამიმეტა. რა თქმა უნდა, ინსპირატორი სწორედ ის ხალხი იყო, ვინც რელიგიის სახელით მკვლელობებს და ათასგვარ საშინელებას სჩადის.
აქცენტი ზუსტად ამაზე იყო დასმული. იმედია, როცა დამშვიდდნენ, მიხვდნენ, რომ მე მტერი და ქვეყნის დამაქცევარი სატანისტი არ ვიყავი, ვინც გადაწყვიტა რელიგიური სიწმინდეების შებღალვა, წაბილწვა თუ რაღაც ამდაგვარები. რა ვიცი, რაღა აღარ დამაბრალეს…".