
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, კობა ხარშილაძემ განაცხადა, რომ ბინაში მისვლისას, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ, საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია დახვდა.
„უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო, იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, მოვიფიქრე შემდეგი გეგმა.
რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ.
დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გაძვრა და ასევე შარვალიც, სავარაუდოდ ამ დროს დაესვარა...
მე ვიყავი სახლში. დამირეკა მიხეილ ძაძამიამ და მითხრა, რომ ზურა იყო უგონო მდგომარეობაში.
გავემართე შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზაზე მანქანა გამიფუჭდა. ამის შემდეგ ბინიდან მოშორებით მომაკითხა ძაძამიამ და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა.
როდესაც მივედი, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბატონი პრემიერი უგონოდ გამოიყურებოდა.
ვერ გავაღეთ კარი, შემდეგ ავძვერი გისოსებზე და ძაძამიას დახმარებით მოვაგლიჯე ეს გისოსები და შევედი ბინაში", - განაცხადა ხარშილაძემ.