
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „ნიუპოსტს“ დამწვარი ავტომობილის პატრონმა, დავით მანჯავიძემ განუცხადა, პოლიციამ ამოიღო ვიდეო-მასალა სადაც ჩანს, რომ უცნობი პირი მის მანქანასთან მიდის, ბენზინს ასხამს და წვავს მას.
მანჯავიძე მომხდარს დეპუტატ გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს.
„მანქანის წინა მხარე მთლიანად დამწვარია. პოლიციამ კამერებიდან ვიდეკადრები ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ ე.წ. „კაპიშონიანი“ სამოსით მიდის პიროვნება ავტომობილთან და წვავს მანქანას. ამ ყველაფერს ვუკავშირებ გივი თარგამაძესთან მეგობრობას.
როგორც იცით, დეკემბრის ბოლოს, ბათუმში მოკლულ პოლიციელთან დაკავშირებით გივი თარგამაძემ ბრიფინგი გამართა. გივიმ ყველაფერი გაშიფრა და მკვლელობასთან ლავასოღლის კავშირზე ისაუბრა. მე ამ კონკრეტულ ფაქტთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ ალბათ ამ ინციდენტით გაფრთხილება გაუგზავნეს გივი თარგამაძეს“, - განაცხადა მანჯავიძემ.
ბათუმში გუშინ საღამოს მანჯავიძის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომობილი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.