-
2015-01-20 21:33
"ნეტგაზეთი" კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მცხოვრებლებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციასა და ფოტოს, რითაც დასტურდება, რომ სასაფლაოსთან სამართალდამცველებს სადღეღამისო მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული, რაც სოფლის გეოგრაფიული მდებარეობით იყო გამოწვეული.
სოფელი ყარაფილა ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელია, სასაფლაო კი ამაღლებულ ადგილსაა, საიდანაც პერიმეტრის გაკონტროლება ადვილდება. აქ პოლიციელები თეთრი მანქანით მორიგეობდნენ და ერთმანეთს ცვლიდნენ.
სოფელში მყოფ სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, შენიშნეს თუ არა უცხო ან საეჭვო პირი: სასაფლაოზე ამ დღეებში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, რადგან სოფელში გარდაცვლილისთვის საფლავი იყო დასამზადებელი.
იური ვაზაგაშვილის ცხედარი თავდაპირველად მესაფლავეებმა იპოვეს. ისინიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან და დასაკითხად უკვე გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, სამი აფეთქების ხმა გაიგონეს, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ იური ვაზაგაშვილი დაიღუპა. ცხედარს დაზიანება საფეთქელსა და ხელში ჰქონდა მიღებული. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ნაღმი, სავარაუდოდ, ყვავილების ლარნაკში ან ლარნაკთან იყო დადებული და შეხებისთანავე ამოქმედდა.
ამასთან, პატრულირების შესახებ ინფორმაცია ერთადერთი დამატებითი სიახლე არ არის, რაც იური ვაზაგაშვილის აფეთქების სემდეგ გაჩნდა. "მოამბეში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "დღეს საღამოს, იური ვაზაგაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტთან ერთად, კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთ იმ მთავარ მოწმეს უნდა გასაუბრებოდა, რომელმაც 9 წლის შემდეგ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი გარემოებების გამჟღავნება გადაწყვიტა.
საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარებიდან და დაკითხვიდან მალე საქართველო დატოვა."
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
"ნეტგაზეთის" ფოტო
