
17 წლის ანა კარგარეთელი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. ანა კარგარეთელსაც მეორე ანას მსგავსად, ბევრი აუსრულებელი ოცნება დარჩა.
საუბედუროდ, ეს ლამაზი გოგონები 29 ივლისს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ნაკირეთში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
საჭეს 23 წლის მიშიკო მორჩაძე მართავდა. ის მეორე დღეს დააკავეს. ისიც სტუმრად იყო ცოლის ბებიასთან (5 თვის წინ დაქორწინდა).
16 წლის ანა კუნდუხაშვილი და 17 წლის ანა კარგარეთელი ნათესავებთან ერთად ქუჩაში სეირნობდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა შენიშნეს. შეშინებულები ღობეს აეკრნენ. მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურზე ავარდა და სწორედ იმ ღობეს შეასკდა, სადაც გოგონები იდგნენ.
ორივემ იქვე დალია სული. ამ ტრაგედიას ანა კარგარეთელის დაც შეესწრო.
ელენე კარგარეთელი: - მე და ანა რაჭაში ნათესავის სახლში ვისვენებდით. იმ ოჯახში სტუმრად ჩამოვიდა რუსთავიდან ანა კუნდუხაშვილიც. ერთმანეთი იქ გავიცანით და დავმეგობრდით. იმ დღეს შინიდან 9 საათზე გამოვედით.
ჩვენთან ნათესავი ბიჭებიც იყვნენ და ექვსივე წავედით სოფელ ნაკირეთისკენ. იმ მანქანამ რამდენჯერმე აგვიარ-ჩაგვიარა, მანქანაში ბიჭები ისხდნენ. ორჯერ გააჩერეს, ვიღაცას ვეძებთ და მათში შეგვეშალეთო.
აშკარად ნასვამები ჩანდნენ. სკამზე დავსხედით, ცოტა ხანი იქ ვიყავით, მერე სახლში დავაპირეთ წამოსვლა, უკვე დაბნელებული იყო. გზაზე მოვდიოდით და დავინახეთ, სწრაფად მომავალი მანქანა, 4-ნი გზის მარცხენა მხარეს გადავედით, მარჯვენა მხარეს კი ღობეს ჩემი და ანა და მეორე ანა აეკვრნენ. მერე შეჯახების ხმა მახსოვს.
გოგოების შეკივლება არ გამიგია. დავინახე მანქანამ როგორ ააგდო ჰაერში ანა კუნდუხაშვილი, მერე ჩემს დას დაეჯახა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ვაიმე, ეს რა გავაკეთეო, მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. სასწრაფო რომ მოვიდა, პირველად ანას დავხედე, თავი გადახსნილი ჰქონდა, ჩემი დაც გარდაცვლილი იყო”.
"მესამე კლასში იყო, სკოლიდან შინ მომავალს სამარშრუტო ტაქსი რომ დაეჯახა, ზამთარი იყო, თბილად ეცვა და გადავრჩით. ბავშვს მხოლოდ, დაჟეჟილობები ჰქონდა. მაშინ მძღოლის ვინაობის დადგენა არც მიცდია, მთავარი იყო, ჩემი შვილი გადარჩა.
ახლა კი ანას მკვლელს არ ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილს, სანამ პირში სული მიდგას. მთვრალმა კედელზე აკრული ბავშვები მომიკლა.
ფაქტის თვითმხილველია ლაშა, ამბობს, რომ მივედი, ანას გული უკვე აღარ ფეთქავდაო, მერე მეორე ანას დავადე ხელი, რამდენიმე წამი ესინჯებოდა პულსი და ვუყურებდი, როგორ შეჩერდა გულისცემაო", - აცხადებს ანა კუნდუხაშვილის დედა, რომელმაც შვილი მარტო წვალებით გაზარდა.
„კვირის პალიტრა“