
ტელეწამყვანი აცხადებს, რომ ძალიან უყვარს ცხოველები და იყო პერიოდი, როცა თავისუფალ დროს, მოხალისედ ზოოპარკშიც მუშაობდა.
„ციმბირული ხასკი მყავს. ეს ჩემი, ხუთი წლის, ცისფერთვალება გოგოა, სახელად სიუქსი. ბევრი მეკითხება, რა უცნაური სახელი ჰქვიაო. ჯერ ერთი, ჩემს საყვარელ მუსიკალურ ბენდს ჰქვია ეს სახელი და მეორეც, სიუქსი იყო ინდიელების ტომი, რომლებმაც პირველად შეაბეს მარხილში ძაღლები.
ესეც მარხილის ძაღლია და თან აქ ყველა ძაღლს თითქმის ერთნაირი სახელი აქვს, სიუქსი კი განსხვავებულია...
ჩემთვის ეს მეორე ბავშვია. ჩემს შვილზე ექვსი თვით დიდია და ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. 7 თვის იყო, სპეციალისტს გასაწვრთნელად კინოლოგიურ ბაზაზე რომ დავუტოვე. უნდა გენახათ, ის სამი თვე როგორ განვიცადეთ ერთმანეთთან განშორება მამა-შვილმა.
ხასკის ჯიშის ძაღლი რთულიად გასაწვრთნელია. თუმცა, თუ გაიწვრთნა, მერე ამაზე ჭკვიანი ძაღლი დედამიწის ზურგზე არ დადის. მაგრამ თუ ან ბავშვს ან მე, ვინმე ცუდად შემეხო, მაშინ ვერ ვაკავებთ და შეიძლება ადამიანი შეჭამოს. ერთხელ მიკბინა კიდეც. სხვა ძაღლებთან ჩხუბი მოუვიდა, გავაშველებ-მეთქი, ვიფიქრე და შემთხვევით მიკბინა. მერე სამი თვე მემალებოდა და თვალს ვერ მისწორებდა.
ცხენოსნობაზეც დავდიოდი, საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. იმდენი წელი ვიარე ცხენოსნობაზე, რომ დღემდე ცხენის ნარკომანი ვარ. ზოგადად, ცხოველს სწორად უნდა მიუდგე და არა თავხედურად „მიაჭრა“ მასთან. ისიც გრძნობს, მისდამი შენს დამოკიდებულებას - სწორედ ისე გიღებს და არ გერჩის.
ერთხელ, არ დამავიწყდება, ძმაკაცის სოფელში ვიყავი, კახეთში. ეზოში რომ შევედი, გამოვარდა მამალი და დამედევნა. ვერც გავასწარი და ვერც მოვიცილე თავიდან. ისე დამკბინა, დამასისხლიანა. ზუსტად ერთ საათში, შევჭამეთ ის მამალი და მისი ხსოვნისაც დავლიეთ დიდი ჭიქებით“, - აღნიშნა გიორგი ქორქიამ.
„თბილისელები“