
ხელმომჭირნე სიძე-პატარძალმა ჯორჯიანა პორტეუსმა და სიდ ინესმა საკუთარ ქორწილში მხოლოდ 1 გირვანქა სტერლინგი, ანუ 2,58 ლარი დახარჯეს.
არადა, მათი ქორწილიც ნამდვილ ქორწილს ჰგავდა: იყო თეთრი კაბა, საქორწინო ბეჭედი, სასიამოვნო მუსიკა, ბარბექიუ, ღვინო და ახლობელი ადამიანები.
მართალია, ქორწილი ფარდულში გაიმართა, რომელიც წყვილის მეგობრებმა სადღესასწაულოდ მინდვრის ყვავილებითა და ბაფთებით მორთეს, პატარძალს კი ძველისძველი საქორწინო კაბა ეცვა, რომელშიც 1 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და საქორწინო ბეჭდებიც ირმის რქისგან იყო დამზადებული, მაგრამ წყვილი თავს ძალიან ბედნიერ ადამიანებად თვლიდა, რადგან საყვარელი ადამიანებით იყვნენ გარემოცულნი.
მუსიკაზე ჯაზმენმა მამამ იზრუნა, ტორტი საყვარელმა დეიდამ გამოაცხო, ჯვრისწერა იმ ეკლესიაში შედგა, სადაც პატარძლის დედა მედავითნეა, სტუმრებმა კერძებზე იზრუნეს და შეყვარებულ წყვილს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს.
„მე მსახიობი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსია. ხელოვანი წყვილი ვართ, რომლებიც ცხოვრებას ისეთს ვიღებთ, როგორიც არის. მართალია არც მდიდრული კაბა მეცვა და ვერც შთამბეჭდავი ქორწილით დავიკვეხნი, მაგრამ ბედნიერი ვარ და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე 70 ძვირფას ადამიანთან ერთად გავატარე", - ამბობს პატარძალი.