-
2014-05-11 12:24
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გუშინ დაბარებული „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დღეს მივიდა. ის ვარაუდობს, რომ გამომძიებლებს შეკითხვები ექნება „განსხვავებულ აქცენტებში“ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
„იმის მიუხედავად, რომ მე თავიდანვე განვაცხადე - ეს იყო ჟურნალისტის წყარო და ეს წყარო მას ჩემთვისაც არ გაუმხელია, ეტყობა, გამოძიებას მაინც აქვს შეკითხვები“, - ამბობს ის.
ნიკა გვარამია არც იმას გამორიცხავს, რომ გამოძიებას შეკითხვები „რუსთავი-2“-ის ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებითაც ჰქონდეს.
პროკურატურის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს ნიკა გვარამიას ადვოკატი ოთო კახიძე. მისი განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს, ვინ აწარმოებდა მათი რიგებიდან მაღალი თანამდებობის პირების საუბრების უკანონო ჩაწერას, ისინი ცდილობენ, წყაროს შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება:
„ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობას იცავს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა. მეტიც: ისინი ვერ მოთხოვენ პასუხს არამარტო ჟურნალისტს, არამედ იმ პირსაც კი, რომელმაც ეს ჩანაწერები შსს-დან გამოიტანა. მას ჰქვია მამხილებელი და იცავს კანონი. რაც შეეხება ჩანაწერებს, ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება, რა თქმა უნდა, დანაშაულია.
რაც შეეხება მედიას, ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის მხილება მედიის პირდაპირი დანიშნულებაცაა“, - აცხადებს ოთო კახიძე.