
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, ასევე ბიზნესმენები რომა ფიფია, ხვიჩა მაქაცარია, მამია სანადირაძე -
ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა პირადი სატელეფონო საუბრების, 2013 წლით დათარიღებული ჩანაწერები ეკა კვესიტაძის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“, „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაიცა.
ამასთან, ეთერში, ძირითადად, საქმიანი საუბრის ფრაგმენტები გავიდა, გადაცემის წამყვანმა კი განაცხადა, რომ სრული ჩანაწერები ეთერში არ გადის, რადგან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მთავარია. ამასთან, გამოცხადდა, რომ ეთერში გასული ჩანაწერები არ არის მთლიანად ის, რაც „განსაკუთრებულ აქცენტებს“ წყარომ მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, მაგალითად, ირაკლი ალასანიასა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ავღანეთში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დეტალები განიხილებოდა.
სატელეფონო მოსმენებზე კომენტარი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. გიგი უგულავას განცხადებით, მოსმენების ჯგუფში მისი კურატორია ვინმე გიორგი და ყველა სატელეფონო საუბარს მასთან მისალმებით იწყებს.
ეკა კვესიტაძის განცხადებით, მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მოახერხა კომენტარი მიეღო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან.