სულ სხვა 9 აპრილი - ანტისტერეოტიპული ანალიზი I

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს დათო გამცემლიძის წიგნიდან "ჟამი ჭეშმარიტი - დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა", რომელიც სულ სხვა ასპექტში განიხილავს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის პრე და პოსტ მოვლენებს, არ ეთანხმება გავრცელებულ სტერეოტიპულ მოძრაობებს და ხშირ შემთხვევაში სადავო, მაგრამ საინტერესო მოსაზრებებსა და დასკვნებს შეიცავს.

 

"9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე, თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველომ მიიღო ბრძანება, სადგურ “სპორტის სასახლესთან” მიეყვანა რამდენიმე შემადგენლობა. სპორტის სასახლიდან მდუმარედ, ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულნი გამოვიდნენ “ძერჟინსკის სახელობის დივიზიის” ქვედანაყოფები. ჩავიდნენ მეტროში, რომლის მეშვეობითაც აღმოჩნდნენ (მეორე ხაზზე გადასვლით) “ლენინის მოედანზე”. იმავდროულად, ერთ-ერთი რაზმი დაეშვა ტელევიზიის შენობისაკენ, სადაც “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” აქცია მიმდინარეობდა და ბრძანების მოლოდინში მდუმარედ შედგა.

 

დაახლოებით 3 საათზე ჯუმბერ პატიაშვილმა გადაწყვიტა, უკანასკნელი ხერხისათვის მიემართა. იგი ეახლა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და სთხოვა მოეწოდებინა ხალხისათვის, დაშლილიყვნენ.

 

დღეს პატიაშვილს ბრალად სდებენ, რომ იგი თავად უნდა მისულიყო მომიტინგეებთან. ეს სრული დემაგოგიაა. არავითარი აზრი მიტინგზე მის მისვლას არ ჰქონდა. პატიაშვილის მოწოდებას არათუ შეისმენდნენ, არც მოისმენდნენ, სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, - კინწისკვრით გააგდებდნენ მიტინგიდან.

 

სინამდვილეში, გასარკვევი ეს კი არ არის, არამედ ის დღემდე იდუმალებით მოცული გარემოება, თუ რატომ გააკეთა პატიაშვილმა ყველაფერი (მოსკოვში გაგზავნილი პანიკური ტელეგრამების ჩათვლით), რომ მიტინგი არა თვითონ დაერბია (ადგილობრივი ძალებით), არამედ იგი დაერბიათ “რუსებს”, - მოსკოვიდან გამოგზავნილ ძალებს.

 

პატიაშვილს, თუ მიტინგის ძალით დაშლა აუცილებლად მიაჩნდა, სავსებით შეეძლო მთელს საქართველოში შეეკრიბა 20 - 25 ათასი მილიციელი. ამისათვის სულაც არ იქნებოდა საჭირო ადგილობრივი “მერვე პოლკი” (შემდეგ რომ აცხადებდა ”ჩვენი ძალები მთლიანად აფხაზეთში გადავისროლეთო”) და თუნდაც უიარაღო მილიციელებით (ყოველგვარი “ტანკების” გარეშე) ეცადა მიტინგის დაშლა. (მომიტინგეებიც ხომ უიარაღონი იყვნენ?).

 

20 - 25 ათასი მილიციელი მიტინგის უმსხვერპლოდ (თუმცა არა უმტკივნეულოდ) დასაშლელად სავსებით საკმარისი იქნებოდა. რატომ არ გააკეთა ეს პატიაშვილმა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: იმიტომ, რომ მას სურდა მიტინგი რუსებს დაერბიათ და არა ადგილობრივ ძალებს, რათა ხალხის სიძულვილი მოსკოვისაკენ (შევარდნაძისაკენ) ყოფილიყო მიმართული და არა მისკენ!

 

დაახლოებით 4 საათისათვის ილია მეორე მომიტინგეებთან მივიდა. ეს ეპიზოდი, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ვგულისხმობ კათალიკოს-პატრიარქის გამოსვლას მიტინგზე და მის მოწოდებას.

 

დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, კათალიკოს-პატრიარქი მივიდა მიტინგზე, მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლილიყვნენ, მაგრამ ირაკლი წერეთელმა მიკროფონი გამოჰგლიჯა ხელიდან და ხალხს პირიქით, დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა - ამ სტერეოტიპს იმეორებდა და იმეორებს ყველა, იგორ როდიონოვიდან - ჩვენი “ელიტარული ინტელიგენციის” წარმომადგენლებამდე.

 

არადა, ეს სტერეოტიპი სრული სიყალბეა. ჯერ ერთი, ილია მეორეს მიკროფონი, რა თქმა უნდა, ხელში არ სჭერია და ვერც ვერავინ “გამოჰგლეჯდა”. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. ყველაზე მეტად საგულისხმო ის გახლავთ, რომ რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ილია მეორეს... არ მოუწოდებია მომიტინგეებისათვის დაშლილიყვნენ!!!

 

კარგად გავიხსენოთ, რა თქვა კათალიკოს-პატრიარქმა მიტინგზე გამოსვლისას. თუ ყურადღებით მოვისმენთ, დავრწმუნდებით: ეს იყო ძალიან ბუნდოვანი, არაერთაზროვანი სიტყვა: “...ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ მოსალოდნელია საშიშროება... ამ საშიშროებამდე დარჩა რამოდენიმე წუთი... რათა ავიცილო საშიშროება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ვილოცოთ ქაშუეთის ეკლესიაში...”

 

ვიმეორებ: თუ ეს იყო მოწოდება, მასში აუცილებლად უნდა გაეჟღერა იმპერატიულ ტონს.

 

ერის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ჟამი, როდესაც ნებისმიერი “ზეპური” ვალდებულია, კატეგორიულად მოითხოვოს ყურად იღონ და გაიზიარონ მისი პოზიცია. მით უმეტეს ამის უფლება აქვს 16 საუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს.

 

“მოწოდება” იქნებოდა, ვთქვათ, ასეთი ტექსტი: “მე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მოგიწოდებთ, ქვეყანას ავაცილოთ უდიდესი უბედურება. შეიარაღებული ძალა მოადგა უმწეო ადამიანების მიტინგს, თავყრილობის ორგანიზატორებმა გაითვალისწინონ ისტორიული პასუხისმგებლობის გარდაუვალობა, დაუყოვნებლივ გავემართოთ ჩემთან ერთად სიონის ეკლესიისაკენ (დააკვირდით - და არა ქაშუეთის, რომელიც იქვეა და რომელთან მისასვლელად მომიტინგეებს არსად წასვლა არ სჭირდებოდათ) და ვილოცოთ საქართველოს გადასარჩენად”. შემდგომ კათალიკოს-პატრიარქს ხალხი უნდა გაერღვია (არა უკან, შენობაში შეტრიალებულიყო) ანუ საკუთარი მაგალითით დაედასტურებინა, რომ ერი ვალდებული იყო მას გაჰყოლოდა და არა ირაკლი წერეთელს.

 

ვიმეორებ კითხვას: ვის, თუ არა კათალიკოს-პატრიარქს ჰქონდა უფლება ასე მოქცეულიყო? მაგრამ პატრიარქი ასე არ მოიქცა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ილია შიოლაშვილს შეეშინდა, ვაითუ ხალხი არ გაჰყოლოდა! იგი თავისი ავტორიტეტის სასწორზე შეგდებას მოერიდა!!! აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის.

 

ერთმნიშვნელოვანი მოწოდების შემთხვევაში თუ ხალხი არ გაჰყვებოდა პატრიარქს, ეს შელახავდა როგორც პირადად მის, ასევე ქართული მართლამადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს. ამიტომ მან არჩია ორაზროვანი, ბუნდოვანი გამოსვლა, რომელიც თითქოს იყო კიდეც მოწოდება, მაგრამ არც იყო.

 

ხანმოკლე დუმილის შემდეგ კათალიკოს პატრიარქი შეტრიალდა და მთავრობის სასახლეში შევიდა მილიციელთა კორდონის გავლით.
მესმის, რომ ზოგიერთისათვის ამგვარი ინტერპრეტაცია მიუღებელია, მაგრამ ეს რომ სწორედ ასე იყო და არა სხვაგვარად, დადასტურდა 7 წლის შემდეგ, როდესაც იმავე ადგილას გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე ილია მეორემ 9 აპრილის ღამეს “მისტიური” უწოდა.
აღწერილ ეპიზოდში პირველად აშკარად წარმოჩინდა ეროვნული უკულტურობა.

 

მე, მაგალითად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ერევანში, “თეატრალურ მოედანზე”, ანალოგიური მიტინგი რომ გამართულიყო ასეთივე ფორმით და ასეთივე შინაარსით (რაც ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც), თუ მომიტინგეებთან მივიდოდა ეჩმიაძინის ტახტის მპყრობელი და მოუწოდებდა დაშლილიყვნენ, - ასი ათასი (იქ ასი ათასიანი მიტინგები ტარდებოდა!) სომეხი “როგორც ერთი კაცი” შეტრიალდებოდა და წავიდოდა, საითაც უბრძანებდა სულთა მპყრობელი.

 

მით უმეტეს, იქ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მარაზმი, რომ პატრიარქის თანდასწრებით(!) ვინმე საერო პირს ხალხისათვის მამაოჩვენო წაეკითხვინებინა საჯარო ლოცვის სახით!!!

 

(მოვა დრო და “მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში იტყვის 11 წლის წინანდელი მოვლენების კომენტირებისას: “9 აპრილს ხალხთან თვით პატრიარქი მივიდა, მაგრამ ბრბო იმდენად იყო აღგზნებული, მასაც კი არ დაუჯერაო”. თითქოს სხვებთან ერთად თვითონაც არ იყო იმ ჩლუნგად რადიკალური “მოძრაობის” ლიდერი და თავად არ გააკეთა ყველაფერი ხალხის გადასარევად და გასაგიჟებლად).

 

სულ რამდენიმე წამი, კათალიკოს-პატრიარქის სიტყვის დასრულებიდან - აქციის დარბევამდე, მიტინგზე შეკრებილი ხალხი მდუმარებამ მოიცვა. აი, სწორედ ეს რამდენიმე წამი იქცა “ჭეშმარიტების მომენტად”.

 

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვნახოთ და დავაკვირდეთ: უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამოქმედდება ძალა მიტინგის წინააღმდეგ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ ძალას ელიან, როგორც ღვთის რისხვას. შეხედეთ, ზოგმა ზეცაშიც კი აიხედა!

 

ეს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. საოცარია, მაგრამ ჩვეული ამპარტავნობის მიუხედავად (“რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ”) ქართველებს ძალიან გვეშინია რუსების. აფხაზებს და ჩეჩნებს არ ეშინიათ, - ჩვენ გვეშინია. ვგულისხმობ არა ფიზიკურ შიშს, კონკრეტულად, ვთქვათ “ძერჟინსკის დივიზიის” მიმართ, რომელიც იმ მომენტში მიადგა რუსთაველის გამზირს, არამედ ქართულ ცნობიერებაში რუსული ფენომენის აღქმას, მისთვის ღვთიური ყოვლისშემძლეობის ნიშან-თვისებათა მიკუთვნებას.

 

ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში (დღემდე) დამკვიდრებული ურყევი რწმენის თანახმად, ეს ფენომენი (რუსული ფენომენი) ყოვლისშემძლეა, უძლეველია: უნდა დაგშლის, უნდა, - გაგაერთიანებს. უნდა დაგამარცხებს, უნდა, - გაგამარჯვებინებს (ვთქვათ, იმავე აფხაზებთან ომში). ჩვენს წინააღმდეგობას, უფრო მეტიც, ქცევას, მოქმედებას - აზრი არა აქვს! მაინც დაგამარცხებს. წინააღმდეგობა უაზრობაა.

 

ამგვარი დამოკიდებულება რუსული ფენომენისადმი ახასიათებთ იმათაც, ვინც “პრორუსულ” პოზიციაზე დგას და ანტირუსულად განწყობილებსაც. იმიტომ, რომ ეს ეთნოფსიქოლოგიური თვისებაა და არ არის უშუალოდ დაკავშირებული პოლიტიკურ ორიენტაციასა თუ მრწამსთან.

 

კვლავ გავიხსენოთ: იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ რუსთაველზე ჯავშნოსანი მანქანები გამოჩნდებოდნენ, ათი ათასიანი მიტინგი შიშით მოინუსხა. მაგრამ ეს არ იყო შიში ფიზიკური საფრთხის წინაშე: როდესაც მტერი განსხეულდა (გასაგნდა), - ჯავშნოსან მანქანებს ქართველებმა ხელკეტები და წიხლები დაუშინეს.

 

ეს იყო შიში ღვთაებრივი ძალის, გარდაუვალი, ღვთაებრივი სასჯელისა და გარდაუვალი, აუცილებელი მარცხის (მხოლოდ ფიზიკური მარცხი არ იგულისხმება) მიმართ, - გამომდინარე ეროვნული არასრულფასოვნების ღრმად ჩამარხული, ქვეცნობიერი შეგრძნებიდან.
ამ რამდენიმე წამში იმთავითვე კოდირებულად არის ჩადებული საქართველოს შემდგომი ისტორიაც (9 აპრილიდან - 27 სექტემბრამდე) და ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგიური შინაარსიც.

 

და საერთოდ, თუ გვინდა გავიგოთ, რამ გამოიწვია იმ წლებში საქართველოს საზარელი ეროვნული ტრაგედია, - აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ეთნოფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ წარმოჩინდა, ყველაზე მეტად “გაშიშვლდა” სწორედ იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, როდესაც, თითქოსდა “სულიერად ამბოხებული” ერი მდუმარედ, შიშით მონუსხული ელოდა “ღვთის რისხვას”.

 

იგორ როდიონოვის გეგმის შესაბამისად, ჯავშნოსან მანქანებს (ე.წ. “ბრონეტრანსპორტიორებს”, რომლებსაც ქართველები მაშინ რატომღაც “ტანკებად” იხსენიებდნენ) უნდა გაეძევებინათ მიტინგის მონაწილენი მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, შინაგან ჯარს (ძერჟინსკის სახელობის დივიზიას) შემდგომ ისინი უნდა გაეფანტა და რუსთაველის გამზირის ეს მონაკვეთი დაეკავებინა სადესანტო პოლკს, რომელიც კოლონას არიერგარდში მოჰყვებოდა.

 

რასაკვირველია, ზოგიერთის ისტერიულ რეაქციას გამოიწვევს იმის მტკიცება, რომ იგორ როდიონოვს არავის მოკვლა არ უნდოდა. თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ადამიანები დაიღუპნენ სწორედ მიტინგის დარბევის შედეგად. უნდოდა თუ არა იგორ როდიონოვს სისხლის დაღვრა, - ისტორიას არ აინტერესებს და ალბათ ვერც დაადგენს.

 

ჯავშნოსან მანქანათა გამოჩენის შემდეგ მიტინგი ორ ნაწილად გაიყო. ზემოთ (კიბეებზე) მდგომნი შემჭიდროვდნენ და სასახლის მიმდებარე მცირე ტერიტორიაზე შეჯგუფდნენ. ფაქტობრივად მათ წასასვლელი არსაით ჰქონდათ, ვინაიდან სამხედრო კოლონები ეშვებოდნენ რუსთაველზე ჩამომავალი ორივე პარალელური ქუჩიდან. სწორედ ამ ადგილას (სასახლის კიბეებზე) დაიღუპნენ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა.

 

შინაგანი ჯარი, რომელიც მოქმედებდა იდიოტურად შედგენილი გეგმის შესაბამისად, ჩლუნგი სიჯიუტით მოიწევდა წინ (პირველი საშუალი სკოლის მიმართულებით), კიდევ უფრო ავიწროვებდა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ მომიტინგეებს, თესავდა პანიკას და ყურადღებას არ აქცევდა იმ გარემოებას, რომ ადამიანებს წასასვლელი (გასასვლელი) არსაით ჰქონდათ.

 

ამასთანავე, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: თვით სასახლეში შესასვლელი ჩვენი (ქართული) მილიციის კორდონით რომ არ ყოფილიყო ჩაკეტილი, ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩებოდა, ვინაიდან შევიდოდა სასახლის კოლონებს შორის და კიბეებზეც სრესა აღარ იქნებოდა.

 

თუმცა, დღეს ამას აბა ვის შეასმენ? არანაკლები სიჯიუტით იმეორებენ: “იმ ღამეს ქართულმა მილიციამ ივაჟკაცა, მომიტინგეები, რომლებიც სასახლეს მიაწყდნენ, მას რომ იქ შეეშვა, რუსის ჯარი იქვე ყველას ჩახოცავდა და შემდეგ როდიონოვი იტყოდა: მთავრობის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ჩვენც იძულებულნი გავხდით ცეცხლი გაგვეხსნაო”.

 

ამ სტერეოტიპთან კამათს აზრი არა აქვს, - მაინც ვერავის დაარწმუნებ, რომ შეიძლებოდა ასე არც მომხდარიყო. ისევე, როგორც, რასაკვირველია არავინ დაგიჯერებს თუ იტყვი: გენერალ როდიონოვის დანაშაული ის კი არ არის, რომ მას “ქართველების სისხლი სწყუროდა”, არამედ ის, რომ იდიოტი იყო და მისი იდიოტიზმი ათეულობით უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ბუნებრივია, მას შემდეგ რაც მოხდა, როდიონოვი თავად არ აღიარებდა, “მიტინგის დაშლის გეგმა იდიოტურად შევადგინეო”. ამიტომ შეთხზა მითები, თითქოს “ქართველებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს” (ამით სალდაფონისათვის საკმაოდ ეშმაკურად ითამაშა ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობაზეც) და თითქოს სწორედ ამიტომ დაიღუპნენ ადამიანები.

 

დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობის (გარდა ორი ახალგაზრდისა, რომლებიც რუსმა მედესანტეებმა ნიჩბებით მოკლეს) სიკვდილის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ როდესაც ჯარმა მომიტინგეები მთავრობის სასახლესთან მიჭეჭყა, ხოლო ამ უკანასკნელთ გასაქცევი არსაით ჰქონდათ, ჯარი კი არ შედგა, არამედ სვლა განაგრძო და (რაც მთავარია) დაიწყო ცრემლსადენი გაზის ბალონების სროლა ჭყლეტისაგან ისედაც სულშეხუთულ ადამიანთა რიგებში.

 

გავითვალისწინოთ, რომ ცრემლსადენი გაზის დანიშნულებაა დაურღვიოს ადამიანს სუნთქვის ნორმალური რიტმი, გამოიწვიოს ხველა, სულის ხუთვა, ცრემლდენა. შედეგად, ადამიანის ნება ტყდება და იგი თავქუდმოგლეჯილი გარბის, რათა როგორმე გააღწიოს გაზის მოქმედების არეალიდან და (პირდაპირი მნიშვნელობით) თავისუფლად ამოისუნთქოს. ამ ტექნოლოგიას იყენებენ მიტინგების დასაშლელად და მანიფესტაციათა შესაწყვეტად ყველა ქვეყანაში.

 

საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ არც ერთ ქვეყანაში ცრემლსადენი გაზის ბალონებს არ ისვრიან იმ ვითარებაში, როდესაც ადამიანებს გასაქცევი არსად აქვთ ან მათი გადაადგილების უნარი შეზღუდულია. ეს არის არათუ დაუწერელი, არამედ დაწერილი კანონი, რომლის დარღვევა პოლიციელს დანაშაულად ეთვლება.

 

ახლა კი გავიხსენოთ, რომ იმ ადგილზე, სადაც აღმოჩნდნენ მიჭეჭყილნი 9 აპრილის მიტინგის მონაწილენი, სწორედაც არათუ გაქცევა, განძრევაც კი შეუძლებელი იყო. ეს, რასაკვირველია, იოტისოდენად არ ამცირებს იმპერიის დანაშაულს, - განურჩევლად იმისა, წინასწარგანზრახულად შემუშავდა ასე მიტინგის დაშლის გეგმა, თუ შემთხვევითობა იყო, ფაქტი - ფაქტად რჩება: დაიღუპნენ უდანაშაულო, უმწეო ადამიანები და ამისათვის პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება მიხეილ გორბაჩოვს, ვინც (დარწმუნებული ვარ) პირადად გასცა ბრძანება ლონდონიდან, მიტინგი ძალის გამოყენებით აღეკვეთათ. თუმცა, არც მიტინგის ორგანიზატორებისა და საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის უარყოფა შეიძლება.

 

წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მიხეილ გორბაჩოვი ლონდონის ერთ-ერთ სასახლეში ზის მის საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილზე. იგი ზესახელმწიფოს ლიდერია. ამ დროს კი მასპინძელი (მარგარეტ ტეტჩერი) მისთვის დამახასიათებელი ოდნავ შესამჩნევი ღიმილით და ყალბი სინანულის ტონით ეკითხება მაღალ სტუმარს: “შევიტყვეთ, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ქალაქში სერიოზული არეულობაა, ალბათ გიჭირთ ვითარების გაკონტროლება?”.

 

არ გეგონოთ აქ რაიმე სიბრალული ან თანაგრძნობა იგულისხმება ქართველების მიმართ. ყოფილი ზესახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთის) ლიდერი ამით ამცირებდა (ოღონდ ქარაგმულად, რაფინირებულად, უაღრესი ზრდილობით) თავის სტუმარს - ისტორიული გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე ქვეყნის ხელმძღვანელს.

 

მიტინგის დარბევა სულ 15-20 წუთს გაგრძელდა. ნაცემი, ნაგვემი, შეურაცხყოფილი ადამიანები ფილარმონიისა და უნივერსიტეტისაკენ გაიქცნენ. ორიოდე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. როდესაც შოთა გორგოძემ ეს ამბავი იგორ როდიონოვს ამცნო, ამ უკანასკნელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წელსქვემოთ წიხლი ჩააზილა, -- შენი ბრალია ყველაფერიო. არადა გორგოძის «ბრალი» ნამდვილად არ იყო.

 

9 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ვრცელდებოდა ხმები მომხდარის შესახებ, თუმცა, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი არ დარღვეულა. “ძერჟინსკის დივიზია” და სადესანტო ნაწილები იმ დროს რუსთაველზე იყვნენ განლაგებული. მხოლოდ საღამოსათვის გამოჩნდნენ ტანკები ქალაქის სხვა რაიონებში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ. ტელევიზიით გამოდიოდნენ იმავე “ელიტარული ინტელიგენციის” წარმომადგენლები, რომელთაც არაფერი გააკეთეს (არც კი სცადეს!) ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად და მენტორული ტონით “მოძღვრავდნენ ერს”.

 

რეზო თაბუკაშვილი: “ჭკუით ქართველებო - ჩვენ ობოლი ერი ვართ!”.

 

ეს იყო საზარელი სიტყვები, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ერის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ამის მთქმელი შესაძლოა თავადაც ვერ აცნობიერებდა ბოლომდე, რა საშინელი ძალა ჰქონდა მის სიტყვებს.

 

დაახლოებით 11 საათზე, ტელევიზიით გამოვიდა იგორ როდიონოვი : “Я, генерал-полковник игорь родионов назначен комендантом города Тбилиси….” აღსანიშნავია, რომ როდიონოვმა ტრაგედიის მიზეზად ქართველთა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა დაასახელა.

 

მან უბრძანა მოქალაქეებს, მეორე დღეს უკლებლივ გამოცხადებულიყვნენ სამსახურში, არ მიეყენებინათ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის და აკრძალა მიტინგები.

 

კომენდანტის საათი უმალვე შევიდა ძალაში. ბევრმა ამის შესახებ ვერც კი გაიგო. კაპიტანმა ლოხინმა ერთი საათის შემდეგ მოკლა ცნობილი თბილისელი გია ქარსელაძე, რომელიც მანქანით ქალაქში ბრუნდებოდა.

 

თორმეტი საათისათვის ქუჩებში ტანკები აგრუხუნდნენ. თბილისს დაძაბული, შიშითა და უმწეობით მონუსხული სიჩუმის თალხი დააწვა.

 

დაუსჯელი ბოროტება და გულში ჩაკლული ბოღმა

 

9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის ტეხილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. გასულ საუკუნეში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენით მას ვერც ერთი მოვლენა ვერ შეედრება, გარდა 9 მარტისა.

 

ეთნოფსიქოლოგიური ზეგავლენის მხრივ კი 9 აპრილმა გაცილებით დიდი როლი შეასრულა, ვიდრე, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ 1907 წელს, საქართველოს გასაბჭოებამ 1921 წელს, ან 1937 წლის რეპრესიებმა.

 

ვიმეორებ: ყველა ამ თვალსაზრისით, 9 აპრილს მხოლოდ 1956 წლის 9 მარტი შეიძლება შეედაროს. მეტიც, 9 აპრილი - 9 მარტის შედეგი იყო. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

 

10 აპრილსვე ეროვნული ცნობიერების დომინანტი გახდა უდიდესი დამცირების, შეურაცხყოფის გრძნობა, დამძიმებული ყველა იმ კომპლექსით, რაც ქვეცნობიერად ისედაც ახასიათებდა და ახასიათებს ქართულ საზოგადოებას. შეურაცხყოფის მწველმა შეგრძნებამ კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა ეს კომპლექსები.

 

მაგრამ მთავარი შეურაცხყოფა კი არ იყო, არამედ ის გარემოება, რომ ეს იყო უპასუხო შეურაცხყოფა ანუ დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩა.

 

საზოგადოებრივ ცნობიერებაზე უდიდესი დამანგრეველი ზეგავლენა იქონია იმან, რომ 9 აპრილის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

 

წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: 9 აპრილის შედეგად აგორდა პროტესტისა და წინააღმდეგობის მძლავრი ტალღა მთელს საბჭოთა კავშირში, დაემხო იმპერია და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში, თვით 9 აპრილის მოვლენა ვეღარ მოახდენდა გამანადგურებელ ზეგავლენას ეროვნულ ცნობიერებაზე. პირიქით, შეარბილებდა კიდეც არასრულფასოვნების შეგრძნებას, ვინაიდან ეს იქნებოდა დასჯილი ბოროტება.

 

რეალობაში კი ბოროტებამ იზეიმა: მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არ დაისაჯა.

 

მართლაც, საქართველოში 9 აპრილის შემდეგ უმალვე არაფერი შეცვლილა. საქართველო იძულებული გახდა, გადაეყლაპა შეურაცხყოფა, გულში ჩაეკლა ბოღმა. ამან დაანგრია ფასეულობათა მწყობრი სისტემა, - ბოროტისა და კეთილის ცნებათა მიმართება, მათი აღქმა, - რისი არსებობაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველი ერის, ყოველი საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისათვის. ბოროტებამ ჩაიდინა დანაშაული, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველს და არ დაისაჯა! ბუნებრივად მოხდა ფასეულობათა მთელი სისტემის დისკრედიტაცია ეროვნულ ცნობიერებაში.

 

ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი: რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დანაშაული, - ქართული ეთნოფსიქოლოგია მომხდარს ასე არ აღიქვავდა. ვიყოთ გულახდილნი: ქართულ ცნობიერებაში 9 აპრილის დანაშაული დაუკავშირდა არა კომუნისტურ, არამედ რუსულ ფენომენს და ბუნებრივად გამოიწვია ანტირუსულ გრძნობათა აფეთქება (რომელთაც, რასაკვირველია, სხვა საფუძველიც ჰქონდათ).

 

ამდენად, სობჩაკის, სახაროვის თუ სხვა რუს “დემოკრატთა” ძალისხმევას და მათი მხრიდან ამ დანაშაულის დაგმობას არ შეეძლო რაიმე შეეცვალა ეროვნულ განწყობაში. 9 აპრილი აღიქმებოდა როგორც შეურაცხყოფა, რომელიც (უხეშად თუ ვიტყვით), რუსმა მიაყენა ქართველს. რასაკვირველია, იყვნენ ადამიანები, ვინც ასე არ აღიქვავდა მომხდარს, მაგრამ ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ ეროვნულ, მასობრივ ცნობიერებაზე.

 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწორედ ფასეულობათა სისტემის დისკრედიტაციისა და ნგრევის შედეგად, მასობრივ განწყობაში ბუნებრივად წარმოიშვა უიმედობის, უილაჯობის, უპერსპექტივობის, ხელჩაქნეულობის განცდა (გავიხსენოთ იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო). ეს განცდა კი სულ ადვილად ტრანსფორმირდა ნიჰილიზმში, შემდგომ (შემდეგ ეტაპზე) ცინიზმში, ხოლო ცინიზმიდან - უზნეობამდე, ანუ გაცნობიერებულ ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია.

 

საოცარია, - ჯუმბერ პატიაშვილი ჯერ კიდევ 9 აპრილამდე (ორი დღით ადრე) გამოვიდა ტელევიზიით და თქვა: ”საფრთხეშია ქართველი ერის თვით ზნეობრივი პოტენციალი”. დღემდე ვერ ვხვდები, ეს შემთხვევითი მიგნება იყო, თუ მართლაც განჭვრიტა რა მიმართულებით განვითარდებოდა ცნობიერი პროცესები საქართველოში?

 

ამრიგად, ეროვნულ ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, დადებითი 9 აპრილს არაფერი მოუტანია. პირიქით, უდიდესი დამანგრეველი ზეგავლენა იქონია და კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პრობლემები.

 

ტყუილია, თითქოს ვინმეს ჰქონდა “გამარჯვების” შეგრძნება 10 აპრილს, შემდეგ პირველი დღეების ან თუნდაც თვეების განმავლობაში: არა მხოლოდ ქვეცნობიერად, არამედ ცნობიერადაც ბევრი გრძნობდა, რომ ეს იყო უდიდესი დამარცხება.

 

გარდა ამისა, სწორედ 9 აპრილის შედეგად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფონი, რისი მეშვეობითაც საქართველოში პროცესების მართვა, საზოგადოების განწყობისა და დამოკიდებულების ფორმირება უაღრესად გაადვილდა. საკავშირო ტელევიზიით გადმოცემულ თუნდაც ერთ სიუჟეტს, ერთ ნაბეჭდ სიტყვას შეეძლო საშინლად არაადექვატური რეაქცია გამოეწვია. გავიხსენოთ თუნდაც, რა რეაქცია მოჰყვა პროვოკატორ ალან ჩოჩიევის წერილს “აფხაზებისადმი”. საეჭვოა მას ასეთივე მძვინვარე რეაქცია მოჰყოლოდა, რომ არა 9 აპრილის მოვლენები.

 

ანუ 9 აპრილმა დაძაბა ფსიქოლოგიური ფონი საქართველოში, საშინლად დაჭიმა ნერვი, რომელზე სულ მცირე შეხებაც კი საკმარისი გახდა ფეთქებადი, გააფთრებული რეაქციის გამოსაწვევად. ამ შესაძლებლობით შემდგომ მოსკოვის სპეცსამსახურებმა ბრწყინვალედ ისარგებლეს, - როდესაც სჭირდებოდათ საზოგადოებრივი პროცესების მართვა ჩვენს ქვეყანაში და გარკვეული რეაქციების პროვოცირება.

 

ეს რაც შეეხება ეთნოფსიქოლოგიურ ასპექტს, მაგრამ მოვლენას, რა თქმა, უნდა სხვა ასპექტებიც ჰქონდა. სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისითაც, 9 აპრილი სერიოზული პოლიტიკური მარცხი იყო: მან შეუდარებლად გააძლიერა სეპარატისტთა პოზიციები აფხაზეთში და ე.წ. “სამხრეთ ოსეთში”, აღჭურვა ისინი არა მხოლოდ “კრემლის”, არამედ თვით რუსული საზოგადოების მხარდაჭერით.
გარდა ამისა, 9 აპრილმა გამოიწვია ხელისუფლების სრული დამბლა საქართველოში, მოუსპო მმართველ ელიტას მოსკოვთან პოლიტიკურ “თამაშში” ყოველგვარი მანევრის საშუალება.

 

ამასთანავე, 9 აპრილმა შეაგდო საქართველო იმ ტალღაზე, რომელიც (ჯორჯ ბუშ უფროსის თქმით) მსოფლიოში პროცესთა საერთო დინებას ეწინააღმდეგებოდა.

 

9 აპრილმა კატეგორიულად გამორიცხა არათუ კომპრომისის შესაძლებლობა, არამედ ყოველგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია და ერთადერთ დომინანტად აქცია ლოზუნგი: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”. ეს ლოზუნგი საქართველოსათვის ძალზე წამგებიანი აღმოჩნდა საერთაშორისო თვალსაზრისით. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ იყო “დამპალი იმპერია”, არამედ იმის გამო, რომ ამგვარი ლოზუნგი მიუღებელი იყო დასავლეთისათვის, რომელიც “თავს დაჰკანკალებდა” მიხეილ გორბაჩოვსა და მის ე.წ “პერესტროიკას”.

 

თავად განსაჯეთ: მაშინ, როდესაც ამერიკელებმა და ევროპელებმა “შვებით ამოისუნთქეს” და მიხეილ გორბაჩოვის წყალობით მოიშორეს ბირთვული ომის, საბჭოთა აგრესიის მაჯლაჯუნა შიში; როდესაც გამოჩნდა პირველი სიმპტომები აღმოსავლეთ ევროპის შესაძლო გათავისუფლებისა; - აი, სწორედ ამ დროს საიდანღაც გამოტყვრნენ ეს “აბეზარი ქართველები” (მათი არსებობა მანამდე თითქმის არც არავინ იცოდა დასავლეთში), “კეთილ გორბაჩოვს” პროვოკაციებს უწყობენ და პერესტროიკის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რითაც აძლიერებენ მოსკოვში იმ ძალებს, რომლებიც ებრძვიან გორბაჩოვს და სურთ მსოფლიო დააბრუნონ ცივი ომის ეპოქაში!

 

ასე აღიქვეს დასავლეთში 9 აპრილი და ამიტომაც უწოდა მომხდარს ყველაზე სოლიდურმა, დემოკრატიულმა ფრანგულმა გაზეთმა “მონდმა” - “ბუნტი და პროვოკაცია”.

 

ამასთანავე, დასავლეთში ძალიან არ მოეწონათ (ეს მათ უმალვე იგრძნეს) თბილისურ მოვლენათა აშკარა ანტირუსული შეფერილობა. ჩვენგან განსხვავებით, ისინი კომუნისტურ ფენომენს არ აიგივებდნენ რუსულ ფენომენთან.

 

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დამკვიდრებული გულუბრყვილო აზრის მიუხედავად, ფრანგები და ინგლისელები (ყოფილი კოლონიური სახელმწიფოები) სრულებითაც არ არიან კეთილგანწყობილნი ეროვნულ მოძრაობათა მიმართ, რაკი რუსეთზე არანაკლები კოლონიური ისტორია აქვთ, თუ მეტი არა. ამითაც იყო განპირობებული ის ზიზღნარევი, გულგრილი რეაქცია, რაც ევროპაში მოჰყვა 9 აპრილს.

 

მოკლედ თუ ვიტყვით, 9 აპრილს საქართველომ დააფიქსირა (მსოფლიოს თვალში) მხოლოდ ის, რომ იგი გორბაჩოვის მტერია.
სინამდვილეში გორბაჩოვი მართლაც დიდი არამზადა და გაიძვერა რომ იყო, ამით თვისებრივად არაფერი იცვლება: მთავარია, როგორ აღიქვავდა მას მსოფლიო.

 

და კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რასაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება: 9 აპრილს საერთოდ არანაირი თანაგრძნობის რეაქცია არ მოჰყოლია ჩრდილოეთ კავკასიაში არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად. ეს იყო “პირველი ზარი”, პირველი შემაშფოთებელი სიმპტომი, რომელსაც საზოგადოება მცირედ მაინც უნდა ჩაეფიქრებინა.

 

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება მკითხველი გააკვირვოს კიდეც თუ ვიტყვი, რომ ყველა ჩამოთვლილი ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად, ანუ, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილმა დაამძიმა ეთნოფსიქოლოგიური ფონი, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ეროვნულ ცნობიერებაზე, პოლიტიკური (სტრატეგიული და ტაქტიკური) თვალსაზრისით გაართულა საქართველოს მდგომარეობა, - ერთი დადებითი შედეგი მას მაინც ჰქონდა: ამ მოვლენის მეშვეობით საქართველომ შეძლო, გამიჯვნოდა კომუნისტურ წარსულს და ყველაზე მთავარი პრობლემის (ტერიტორიული მთლიანობის) თვალსაზრისით დაეფიქსირებინა, რომ თავად არის მსხვერპლი.

 

გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 9 აპრილამდე აფხაზ სეპარატისტთა მთავარი თეზისი გახლდათ, რომ ისინი ებრძვიან ”სტალინურ საქართველოს”. “აიდგილარას” აქტივისტები წერილობით მიმართავდნენ ბალტიისპირეთის სახალხო ფრონტებს და სთხოვდნენ თანადგომას “ქართული სტალინიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ “მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების” საქართველოსათვის მომაკვდინებელ, მზაკვრულ, გორბაჩოვისეულ გეგმას, - ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ძალისხმევა შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც სწრაფვა “მცირე იმპერიის” შესანარჩუნებლად.

 

9 აპრილმა კი, ასე თუ ისე, ისტორიულად დააფიქსირა, რომ საქართველო მსხვერპლი იყო და არა აგრესორი. შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამ ფიქსაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

და მაინც, თუ სასწორის პინაზე დავდებთ დადებითსა და უარყოფითს, - უეჭველად უარყოფითი გადასწონის. საქართველომ კი შეიძინა ხსენებული “იმუნიტეტი”, მაგრამ მისი შეძენა მას მეტისმეტად, არაადექვატურად ძვირი დაუჯდა.

 

მაშასადამე, 9 აპრილის უარყოფითი შედეგი განუზომლად უფრო “წონადია”, უფრო მეტად განმსაზღვრელია. ამიტომაც, მთლიანობაში, ამ მოვლენას და მის ორგანიზატორებს ისტორიის მსჯავრი არ ასცდებათ.

 

ამასთანავე, 50 წლის შემდეგ 9 აპრილი გახდება “თარიღი - დომინანტი” და არა 7 იანვარი ან 27 სექტემბერი, ვინაიდან სწორედ 9 აპრილი იქცა და იქცევა ძირითადი პოლიტიკური ტენდენციისა და პროცესების სიმბოლოდ...

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !